სამეგრელოს - ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტის, სალომე ჯანჯღავას დახმარებით, მოქალაქე ნ.კ-ის უძრავი ქონება, რომელიც ამავდროულად მისი ერთადერთი თავშესაფარია, აუქციონზე გატანას გადაურჩა.
ბენეფიციარს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ჰქონდა დადებული რუსეთის მოქალაქე კრედიტორთან. მან ვერ მოახერხა მითითებულ ვადაში თანხის დაბრუნება, რის გამოც კრედიტორმა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, სააღსრულებო წარმოება დაიწყო. კრედიტორი ნ.კ-ის უძრავი ქონებისა და მისი ერთადერთი თავშესაფრის აუქციონზე გატანას ითხოვდა.
მას შემდეგ, რაც ნ.კ-მა იურიდიული დახმარების სამსახურს მიმართა, კონსულტანტმა სალომე ჯანჯღავამ შეადგინა სარჩელი, სადაც დაფიქსირებული იყო არასწორად დაანგარიშებული პროცენტის, პირგასამტეხლოსა და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის გაუქმების შესახებ. ამის საფუძველზე კი მოთხოვნილი იყო - აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეეჩერებინა საქმის წარმოება, რათა არ მომხდარიყო ქონების რეალიზაცია.
იურიდიული დახმარების სამსახურის დახმარებით, დაკმაყოფილდა ბენეფიციარის სურვილი და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. საცხოვრებელი სახლი აუქციონზე გატანას გადაურჩა, ბენეფიციარს კი თანხის გადახდა გაუხანგრძლივდა 20 თვის ვადით, თანხის ეტაპობრივი გადარიცხვით.