Top

ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართის მიღების შანსი გაუჩნდა

მიმდინარე წლის მარტში იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს–ზუგდიდის ბიუროს დახმარებისთვის მიმართა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა,  სოციალურად დაუცველმა პირმა – ს. ჯ.–მ, რომლის ოჯახი წლებია ელოდება დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში ბინით დაკმაყოფილებას, თუმცა ყოველთვის ქულები აკლდებოდათ და საცხოვრებელი ფართის გარეშე რჩებოდნენ. 

როგორც ცნობილია,  ბინის მისაღებად დევნილთა ოჯახს სჭირდება გარკვეული ქულების დაგროვება.   რაც მეტია ქულების რაოდენობა, მით მეტია ბინით დაკმაყოფილების შანსი, აქედან გამომდინარე, თითოეულ ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

ზუგდიდის ბიუროს კონსულტანტმა ნინო მინჯიამ გადაწყვიტა აღნიშნული საკითხის  მოსაგვარებლად საჭირო სამართლებრივი დოკუმენტები მოეძიებინა. მან გაარკვია, რომ ს.ჯ–ს ბებია და ბაბუა აფხაზეთის კონფლიქტის დროს დახვრიტეს, თუმცა  ამის დადასტურება რთული იყო, ვინაიდან ოკუპანტებისა და სეპარატისტების მიერ 1992 წლიდან აფხაზეთში ჩატარებული ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა სიაში არასწორად იყო მითითებული მონაცემები და ძირითდად უარყოფითი პასუხი მოდიოდა.    

იურისტმა ნინო მინჯიამ შეაგროვა სხვადასხვა მტკიცებულებება – ოფიციალური დოკუმენტები, პუბლიცისტური მასალა, ფოტოები, დახვრეტილთა სიები, მოწმეთა ჩვენებები, რითაც  ზემოხსენებული ფაქტის უტყუარობა დასტურებოდა. მანვე ბენეფიაციარ ს.ჯ–ს  შეუდგინა განცხადება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელზე, რათა მომხდარიყო ჩასწორება „ოკუპანტებისა და სეპარატისტების მიერ 1992 წლიდან აფხაზეთში ჩატარებული ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა სიაში“ და ჩაწერილიყო, რომ აფხაზი სეპარატისტების მიერ 1993 წლის 30 სექტემბერს საკუთარ სახლში – გალის რაიონის სოფ. ოქუმში დახვრეტილი იქნენ – ჯ.ჯ.  და მისი მეუღლე ფ.ჯ. (სიაში შეცდომით იყო მითითებული გვარები და სახელები).

2018 წლის 2 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მოთხოვნა უმოკლეს ვადაში დააკმაყოფილა.

სოციალურად დაუცველ დევნილთა ოჯახს მიეცა შანსი, მიიღოს სამი დამატებითი ქულა, შესაბამისად, პირველ  რიგში, ისინი რეალურად  იქნებიან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული. 

ზუგდიდის ბიუროაფხაზეთიდან დევნილისოციალურად დაუცველი