Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ადვოკატ სულხან კომახიძის დახმარებით, ძარცვაში ბრალდებული არასრულწლოვანი გამართლდა

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატის, სულხან კომახიძის, ძალისხმევით, წარსულში ძარცვისთვის ნასამართლები არასრულწლოვანი თ.ს., რომელსაც ბრალი იმავე დანაშაულის ჩადენაში ედებოდა, სასამართლოს მიერ სრულად გამართლდა.

წარდგენილი ბრალდების მიხედვით, თ.ს.–მ, თბილისის ერთ–ერთი მაღაზიიდან, გამყიდველის თანდასწრებით, შესაწირი ყუთი გაიტანა. სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი მაღაზიის გამყიდველის შეტყობინების საფუძველზე დააკავეს. იგი დაიკითხა მოწმის სტატუსით და, როგორც გადახდისუუნარო არასრულწლოვან მოწმეს, მას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატი, სულხან კომახიძე, დაენიშნა.

აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვისას, ბრალდების მხარემ არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, თუმცა, სასამართლომ, დაცვის მხარის სასარგებლოდ, თ.ს.–ს, აღკვეთი ღონისძიების სახით, 100 ლარის ოდენობით გირაო შეურჩია.

საქმის სასამართლოში განხილვისას, ადვოკატმა სულხან კომახიძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებდა თ.ს.–ის ბრალეულობის დასადასტურებლად საჭირო სტანდარტებს. ადვოკატის მტკიცებით, პოლიციელები, იცოდნენ რა თ.ს.–ის ნასამართლობის შესახებ, არასრულწლოვნისთვის დანაშაულის დაბრალებას ცდილობდნენ.

სულხან კომახიძე აღნიშნავდა, რომ სამართალდამცველებს მისი დაცვის ქვეშ მყოფი რამდენიმე საათის განმავლობაში უსაფუძვლოდ ჰყავდათ დაკავებული პოლიციის განყოფილებაში, ვინაიდან იგი დაკავებიდან თითქმის 7 საათის შემდეგ გამოიკითხა. ამასთან, ბრალდების მხარემ ფაქტობრივად უარი უთხრა ადვოკატს იმ ვიდეოჩანაწერის ამოღებაზე, რომელიც პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის შეყვანა–გამოყვანის ზუსტ დროს აჩვენებდა.