2010 წლიდან იურიდიული დახმარების სამსახური უფასო საადვოკატო მომსახურებას უწევს პირებს, თუ სასამართლო განიხილავს საქმეს მათი სტაციონარში მოთავსების ან/და ვადის გაგრძელების საკითხს – არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით.
თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი თამარ კუპატაძე 2017 წლის ბოლოდან ორი ასეთი ბენეფიციარის ინტერესებს იცავდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ორივე შემთხვევაში შპს „თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი“ ითხოვდა შუამდგომლობის დაკმაყოფილებას აღნიშნული პირების სტაციონარში მოთავსების თაობაზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით.
პირველი ბენეფიციარი ვ.კ. ქუჩაში ერთ–ერთ გამვლელთან მომხდარი შელაპარაკების შემდეგ პატრულმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ამავდროულად, არ მოხერხდა დაკავებულის ვინაობის დადგენა – მას პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ გააჩნდა; მეორე საქმე კი ნიგერიის მოქალაქე – ნ.გ.ნ.– ს შეეხებოდა, რომელიც ნაპოვნი იქნა უგონო მდგომარეობაში. პოლიციასთან გასაუბრების დროს გამოვლენილი არაადეკვატური ქცევების გამო, გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და მისი კლინიკაში მოთავსება გადაწყვიტეს. სასამართლოს დახურულ სხდომაზე პაციენტმა განმარტა, რომ პრეპარატების მიღებისას, იმყოფებოდა ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ. შესაბამისად, არ ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები და არ საჭიროებდა მკურნალობას.
ორივე სასამართლო პროცესზე საზოგადოებრივმა ადვოკატმა თამარ კუპატაძემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ სახეზე არ იყო კანონით გათვალისწინებული სტაციონარული მკურნალობის კრიტერიუმები, რაც ასახული უნდა ყოფილიყო პოლიციის თანამშრომლის მიერ შედგენილ ოქმში და დართვოდა შუამდგომლობას, დარღვეული იყო გარკვეული პროცედურები და შესაბამისად ბენეფიციარები სტაციონარში არ უნდა მოთავსებულიყვნენ.
მოსამართლემ გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის თამარ კუპატაძის პოზიცია და ორივე საქმეზე მიიღო დადგენილება "თბილისის რეფერალური ჰოსპიტალის" შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. შესაბამისად, ბენეფიციარები ვ.კ და ნ.გ.ნ. (ნიგერიის მოქალაქე) ჰოსპიტალში აღარ მოათავსეს.
აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებმა 2018 წლის პირველ სამ თვეში არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების საქმეზე 93 ბენეფიციარის ინტერესი დაიცვეს.