თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი თეა ყაულაშვილი ახორციელებდა აფხაზეთიდან დევნილი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის, გ. მ.-ს ინტერესების დაცვას თბილისის საქალაქო სასამართლოში.
გ. მ., როგორც დევნილმა სახელმწიფოსგან მოითხოვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, რაზეც უარი მიიღო. საზოგადოებრივმა ადვოკატმა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად გაარკვია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გ. მ–ს ყოფილ მეუღლეს გადასცა საცხოვრებელი ფართი ე.წ. „პირობადებული ხელშეკრულებით“ ანუ დაავალა, რომ მოცემულ ფართში ეცხოვრებინა გ. მ–ც და და მისი სამი შვილიც. თუმცა, სახელმწიფოს არ გაუთვალისწინებია ის გარემოება, რომ გ. მ. და მისი მეუღლე ფაქტობრივად ერთად არ ცხოვრობდნენ და უფრო მეტიც, ხელშეკრულების დადების დროისათვის გ. მ. სასჯელს იხდიდა და მისთვის საერთოდ არ უკითხავთ ფართის გადაცემის შესახებ, რაც კანონმდებლობით სავალდებულო იყო. სწორედ ეს გარემოება მიიჩნია სარჩელის შედგენის მთავარ საფუძვლად ადვოკატმა თეა ყაულაშვილმა და გ. მ.–ს მეუღლესთან გაფორმებული ხელშეკრულების და პრეზიდენტის განკარგულების - საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ, ბათილად ცნობა მოითხოვა.
ამასთნავე, გადაცემული ფართი არ აკმაყოფილებდა პირადად მისი და მისი ოჯახის არც სულადობრივ შემადგენლობას და არც იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ იგი მეუღლესთან დიდი ხანია აღარ ცხოვრობდა, იყო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, აქვს ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა და რომ გადაცემული ერთი ოთახი ასეთი ოჯახისთვის არ იყო ადეკვატური. ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მოცემული ხელშეკრულებაზე დათანხმება გ. მ.–ს უსპობდა შესაძლებლობას ხელახლა მოეთხოვა ფართი სახელმწიფოსგან.
სასაამრთლომ გაითვალისწინა საზოადოებრივი ადვოკატის არგუმენტები და გ. მ. –ს სარჩელი დააკმაყოფილა სრულად, რითაც მას მიეცა შესაძლებლობა მოითხოვოს საცხოვრებელი ფართი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან, მისი ყოფილი მეუღლისგან დამოუკიდებლად.