თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ინგა ნოზაძე თითქმის ერთი წლის განმავლობაში ახორციელებდა ერაყის რესპუბლიკის მოქალაქეების ბ. ქ. ჰ. ჰ. –ს და ა.ა..ნ.ჰ –ს აგრეთვე ირანელების – ს.ა.–ს და ე.ხ.–ს ინტერესების დაცვას თბილისის საქალაქო სასამართლოში. აღნიშნულმა პირებმა ლტოლვილის ან/და თავშესაფრის სტატუსის მისაღებად მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, თუმცა სამინისტროს მათ ოფიციალური უარი განუცხადა.
როგორც ცნობილია, იურიდიული დახმარების სამსახური 2016 წლიდან ახორციელებს საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირთა ინტერესების დაცვას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საზოგადოებრივმა ადვოკატმა ინგა ნოზაძემ შეადგინა სარჩელი და მოითხოვა სამინისტროს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა აღნიშნულ ბენეფიციარებთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, თავშესაფრის მაძიებელი ერთი ერაყელის მოთხოვნა – სრულად, ხოლო მეორე ერაყელის და ირანის მოქალაქეების მოთხოვნა კი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინსიტროს დაევალა, ბ. ქ. ჰ. ჰ. –ს საქმის გარემოებების ხელახლა შესწავლა და ასევე, თავშესაფრის მინიჭების შესახებ განცხადების განხილვა, რითაც მოსარჩელეს მიეცემა უფლება მიიღოს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი. ა.ა..ნ.ჰ –ს საქმეზე, სასამართლომ დაავალა მოპასუხეს – ზემოაღნიშნულ სამინისტროს, დამატებით გამოითხოვოს უშიშროების სამსახურიდან ინფორმაცია თავშესაფრის მაძიებლის შესახებ, გამოსცეს ახალი სამართლებრივი აქტი და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.
ირანის რესპუბლიკის მოქალაქეებთან – ს.ა.–ს და ე.ხ.–სთან დაკავშირებით, სასამართლომ ბათილად ცნო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება და დაავალა მას, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი საქმის გარემოებების ხელახალი შესწავლის შემდგომ.