მიმდინარე წლის ივნისის თვეში, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტს, ლევან ცალუღელაშვილს დახმარებისთვის მომართა სოციალურად დაუცველმა მოქალაქე ლ. პ.-მ, რომელმაც განაცხადა, რომ სამი წლის წინ მოინათლა სამების საკათედრო ტაძარში, დაუმეგობრდა იქ მოღვაწე დიაკვან ბ. დ.-ს, რომელმაც უთხრა, რომ ესაჭიროებოდა თანხა საბანკო დავალიანების დასაფარად. იმ დროისთვის ბენეფიციარს მართლაც გააჩნდა გარკვეული თანხა და ასესხა მას 2000 აშშ დოლარი იმ პირობით, რომ 2015 წლის ბოლომდე დააბრუნებდა. დიაკვანმა ბენეფიციარს ვალის ნაწილი, მხოლოდ 500 აშშ დოლარი სხვადასხვა დროს დაუბრუნა, დანარჩენი 1500 აშშ დოლარი კი დასაბრუნებელი აქვს, რაზეც ლ.პ.-ს ხელწერილი გააჩნია.
როცა გარკვეული თანხის ბოლო გადახდიდან თითქმის წელიწადი გავიდა, უკიდურეს მატერიალურ გასაჭირში ჩავარდნილმა ბენეფიციარმა დასახმარებლად იურიდიული დახმარების სამსახურს მიმართა.
იურისტ-კონსულტანტმა ლევან ცალუღელაშვილმა მოიძია მოპასუხე - ბ. დ., (იგი ერთ-ერთ მონასტერში ბერ-დიაკონად მსახურობს), გაარკვია მისი ადგილსამყოფელი, მოამზადა სასარჩელო განცხადება, რომელიც გაიგზავნა ქარელის რაიონულ სასამართლოში.
ივლისში, ხაშურის რაიონულმა სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დააკმაყოფილა ლ. პ.-ს სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხე ბ.დ.-ს - მოქმედ მღვდელმონაზონს, დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ დარჩენილი თანხის და სახელმწიფო ბაჟის, სულ 5000-მდე ლარის გადახდა.