Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

რელიგიური ნიშნით ეგვიპტიდან დევნილმა ოჯახმა ლტოლვილთა სამინისტროს დავა მოუგო

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატების, მაია დადვანისა და ვლადიმერ გამრეკელაშვილის ძალისხმევით, რელიგიური ნიშნით ეგვიპტიდან დევნილმა ოჯახმა საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროს მოუგო დავა ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

ქრისტიანული აღმსარებლობის ცოლ–ქმარს, თავის ოთხ შვილთან ერთად, საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მოპოვება სურდა იმ საფუძვლით, რომ ეგვიპტეში ქრისტიანთა უფლებები დაცული არ არის. მათი მტკიცებით, ხელისუფლება ვერ უმკლავდება ექსტრემისტულად განწყობილ ჯგუფებს, რომლებიც ანადგურებენ ეკლესიებს და ქრისტიანი მოსახლეობის ქონებას. კონფესიათშორისი შეტაკებების შედეგად ხშირია მკვლელობები. ადგილი აქვს გამოსასყიდის მიღების მიზნით ქრისტიანთა გატაცების ფაქტებს.

საკითხის განხილვისას, საქართველოს ლტოლვილთა სამინისტრომ მიიჩნია, რომ საფრთხე, რომელზეც თავშესაფრის მაძიებელი ოჯახი მიუთითებდა, გაზვიადებული იყო. სამინისტროს მონაცემებით, ბოლო დროს, ეგვიპტეში ხელისუფლებაში პრეზიდენტ ალ –სისის მოსვლის შემდეგ, ქრისტიანთა მდგომარეობა გაუმჯობესდა. ხოლო რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებული ინციდენტებს ფართო ხასიათი არ აქვს და კონკრეტულ ტერიტორიებზეა ლოკალიზებული.

ქრისტიანი ეგვიპტელების ოჯახმა ისარგებლა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფასო იურიდიული დახმარების მიღების უფლებით და სამინისტროს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. ოჯახის ინტერესებს იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატები, მაია დადვანისა და ვლადიმერ გამრეკელაშვილი, იცავდნენ.

შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა თავშესაფრის მაძიებელი ოჯახის სარჩელი, გააუქმა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილება და სამინისტროს ახალი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა.

ცნობისათვის: იურიდიული დახმარების სამსახური თავშესაფრის და ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ პირებს უფასო საადვოკატო მომსახურებას 2016 წლიდან უწევს. ამ მომსახურების დანერგვა გათვალისწინებული იყო ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით.