იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატის, ხათუნა ჩხაიძის, დახმარებით, მურთაზ თ., რომელსაც ბრალი ედებოდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გაქცევაში, სასამართლოს მიერ სრულად გამართლდა.
მურთაზ თ.–ს 1978 წელს მიესაჯა 8 წლით თავისულების აღკვეთა, რომლის მოხდაც ერთ შრომა–გასწორების დაწესებულებაში განესაზღვრა. 1983 წლის 14 დეკემბერს კი აღმოჩენილ იქნა, რომ მურთაზ თ. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში აღარ იმყოფებოდა. გატარებული ოპერატიული ქმედებების შედეგად, მისი ადგილსამყოფელი ვერ დადგინდა. მურთაზ თ.–ზე გამოცხადდა ძებნა და, აღკვეთის ღონისძიების სახით, დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა.
საქმეში არ მოიპოვებოდა არც ერთი პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება, რომელიც მურთაზ მ.–ის მიერ მისთვის ინკრიმინირებული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. ამის მიუხედავად, სასამართლო პროცესზე პროკურორმა მოითხოვა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და სასჯელად 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
მურთაზ თ.–ს, როგორც ძებნილს, ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე დაენიშნა. საზოგადოებრივმა ადვოკატმა, ხათუნა ჩხაიძემ, სასამართლოსგან მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, რადგან საქმეში არ არსებობდა უტყუარი, ეჭვის გამომრიცხავი, პირდაპირი მტიცებულებების ერთობლიობა.
საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი ადვოკატის პოზიცია გაიზიარა და მურთაზ თ.–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.