Top
ონლაინ დახმარება

ელზა ლეშკაშელი იურიდიული დახმარების საბჭოს თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩა

იურიდიული დახმარების საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე - ელზა ლეშკაშელი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მეორე ვადით აირჩა. შესაბამისი გადაწყვეტილება იურიდიული დახმარების საბჭომ, 27 იანვარს გამართულ სხდომაზე, ერთხმად მიიღო.

ელზა ლეშკაშელი კიდევ ერთი წლის განმავლობაში წარუძღვება იურიდიული დახმარების საბჭოს საქმიანობას და, კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მართვაში.

იურიდიული დახმარების საბჭო კოლეგიური ორგანოა. საბჭო აღჭურვილია ფართო უფლებამოსილებებით, რომელთა შორისაა: იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის არჩევა, სამსახურის სტრატეგიის დამტკიცება და კონტროლი მის შესრულებაზე, სამსახურის დებულებისა და საქმიანობის მარეგულირებელი სხვა დოკუმენტების დამტკიცება, გადაწყვეტილების მიღება იურიდიული დახმარების ოფისების გახსნისა და გაუქმების თაობაზე და სხვა.

საბჭო დაკომპლექტებულია ადვოკატთა ასოციაციის 3 წევრით, ასევე - იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სახალხო დამცველის, საია-ს, სამეცნირო სფეროსა და იურიდიული დახმარების ბიუროებში დასაქმებული ადვოკატების თითო წარმომადგენლით. საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადა, გარდა იურდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლისა, 4 წელია.

დღესვე, საქმიანობას შეუდგა საბჭოს ახალი წევრი, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატი - ვალერი კვანტალიანი, რომელიც, 22 იანვარს, იურიდიული დახმარების ბიუროებში დასაქმებულმა ადვოკატებმა საბჭოში თავის წარმომადგენლად ერთი წლის ვადით აირჩიეს.

იურიდიული დახმარების საბჭო ფუნქციონირებს 2014 წლის იანვრიდან, მას შემდეგ, რაც სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემიდან გავიდა და დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. საბჭო შექმნილია იურიდიული დახმარების სამსახურის მართვის, მისი ფუნქციების ეფექტიანი შესრულების, სამსახურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით.