Top

ბათუმის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ადვოკატ დავით გოგვაძის დახმარებით, 21 წელს მიუღწეველ პირს სასჯელი შეუმსუბუქდა

იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს ადვოკატის, დავით გოგვაძის, დახმარებით, თემურ ქ.–ს, რომელსაც მსჯავრი დაედო სხვისი ნივთის განადგურებასა და ქურდობაში, სასჯელი შეუმსუბუქდა.

თემურ ქ.–ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა რამდენიმე ბრალდებით მიმდინარეობდა. თავდაპირველად, მას ბრალი წარედგინა ერთ–ერთი სახელმწიფო უწყების საკუთრებაში არსებული ავტომობილის დაზიანებაში, რამაც 250 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართლის პროცესი დასრულებული არ იყო, როდესაც თემურ ქ.–მ კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა, კერძოდ, ერთ–ერთი მაღაზიიდან მოიპარა ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელი.

მაქნანის დაზიანების საქმეზე თემურ ქ.–ის განესაზღვრა ორწლიანი პირობითი სასჯელი. პარალელურად, გრძელდებოდა ალკოჰოლური სასმელის ქურდობასთან დაკავშირებული საქმის განხილვა, თუმცა, მოკლე ხანში, უკვე პირიბითი მსჯავრის ქვეშ, თემურ ქ.–მ ისევ ჩაიდინა ალკოჰოლის ქურდობა.

აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სტანდარტების გათვალისწინებით, თემურ ქ.–ს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პირველი ორი დანაშაულისთვის მხოლოდ გირაო შეეფარდა, მესამე საქმეზე კი – გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. ამასთან, ბრალდებულმა ვერც ერთხელ ვერ უზრუნველყო გირაოს შეტანა.

თემურ ქ., როგორც 21 წელს მიუღწეველი,  ექვემდებარებოდა სავალდებულო დაცვას, ამიტომ მას იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს ადვოკატი, დავით გოგვაძე დაენიშნა.

ადვოკატმა დავით გოგვაძემ გაასაჩივრა მანქანის დაზიანების საქმეზე გამოტანილი განაჩენი, რომელიც ორწლიან პირობით სასჯელს ითვალისწინებდა, და სააპელაციო სასამართლოსგან, პირობითი სასჯელის ნაცვლად, თემურ ქ.–ისთვის 500 ლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრება მოითხოვა. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის საჩივარი, გააუქმა პირობითი სასჯელი და თემურ ქ.–ს 700 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ამის შემდეგ, ადვოკატმა დავით გოგვაძემ სასამართლოში მოითხოვა ქურდობის საქმეების გაერთიანება, რაც დაკმაყოფილდა. საბოლოოდ, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, თემურ ქ.–ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვის ვადით, საიდანაც 3 თვე დაენიშნა პატიმრობაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით.