Top
ონლაინ დახმარება

იურიდიული დახმარების საბჭოს თავმჯდომარედ ეკატერინე ფოფხაძე აირჩიეს

იურიდიული დახმარების სამსახურის სამეთვალყურეო ორგანოს – იურიდიული დახმარების საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ეს გახდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი – ეკატერინე ფოფხაძე, რომელიც საბჭოს თავმჯდომარედ 27 იანვარს გამართულ სხდომაზე აირჩიეს. იგი ერთი წლის განმავლობაში წარუძღვება იურიდიული დახმარების საბჭოს საქმიანობას და, კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს იურიდიული დახმარების სამსახურის მართვაში.

ეკატერინე ფოფხაძემ თავმჯდომარის პოსტზე შეცვალა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლი, ელზა ლეშკაშელი, რომელიც საბჭოს 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა. საბჭოს წევრებმა მადლობა გადაუხადეს ყოფილ თავჯმდომარეს ორი წლის მანძილზე გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნეს ის პროგრესი, რაც, საბჭოს ხელშეწყობით, მიღწეულ იქნა იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმის ფარგლებში.

იურიდიული დახმარების საბჭო ფართო უფლებამოსილებებით აღჭურვილი კოლეგიური ორგანოა. მის კომპეტენციაში შედის: იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის არჩევა, სამსახურის სტრატეგიის დამტკიცება და კონტროლი მის შესრულებაზე, სამსახურის დებულებისა და საქმიანობის მარეგულირებელი სხვა დოკუმენტების დამტკიცება, გადაწყვეტილების მიღება იურიდიული დახმარების ოფისების გახსნისა და გაუქმების თაობაზე და სხვა.

საბჭო შედგება 9 წევრისგან, რომელთაგან სამ–სამ წევრს – ადვოკატთა ასოციაცია და სახალხო დამცველი წარადგენენ. ამასთან, სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი წევრებიდან – ერთი ომბუდსმენის აპარატს, ერთი – ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციას, ერთი კი – სამეცნიერო სფეროს წარმომადგენს. იურიდიული დახმარების საბჭოში თითო წევრით წარმოდგენილნი არიან იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ერთ წევრს, ყოველწლიურად, იურიდიული დახმარების ბიუროები ირჩევენ. დანარჩენების უფლებამოსილება კი 4 წლის ვადით განისაზღვრება.

დღესვე, საქმიანობას შეუდგა საბჭოს ახალი წევრი, იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატი - ზაქრო გვიშიანი, რომელიც, 12 იანვარს, იურიდიული დახმარების ბიუროებში დასაქმებულმა ადვოკატებმა საბჭოში თავის წარმომადგენლად ერთი წლის ვადით აირჩიეს.

იურიდიული დახმარების საბჭო ფუნქციონირებს 2014 წლის იანვრიდან, მას შემდეგ, რაც სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემიდან გავიდა და დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. საბჭო შექმნილია იურიდიული დახმარების სამსახურის მართვის, მისი ფუნქციების ეფექტიანი შესრულების, სამსახურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით.