Top

ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

საზოგადოებრივი და კერძო ადვოკატებისთვის ვიდეო-ტრენინგები გრძელდება

10 და 12 მარტს გორის, ზუგდიდისა და თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროებში ვიდეო-ტრენინგები ჩატარდა. გორსა და თბილისში მოისმინეს ლექცია სისხლის სამართლის საქმის ანალიზის შესახებ. ზუგდიდში გამართული ვიდეო-ტრენინგი კი მიეძღვნა თემას -  „ბალისტიკური მტკიცებულებები და დნმ, როგორც მტკიცებულება“.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონულ ბიუროებში ვიდეო-ტრენინგები 2015 წლის იანვრიდან, განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში ტარდება. სწავლებას საზოგადოებრივი ადვოკატები და კერძო სექტორში მოღვაწე იურისტები ესწრებიან. ტრენინგები ამერიკის იურისტთა ასოციაციის (ABA) ონლაინ სასწავლო პლატფორმის (OLP) გამოყენებით მიმდინარეობს.

ადვოკატთა ცოდნის დადგენის მიზნით, ყოველი ტრენინგის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ მონაწილეები ტესტირებას გადიან. ტრენინგზე დასწრებით, ადვოკატები სავალდებულო განგრძობადი იურიდიული განათლებისათვის აუცილებელი კრედიტები მოიპოვებენ.

OLP არის ინოვაციური სასწავლო მოდელი, რომელიც მოიცავს ამერიკის იურისტთა ასოციაციის (ABA) ვიდეო ტრენინგებს, დამხმარე სასწავლო მასალებს, სახელმძღვანელოებს და შესაბამის კანონმდებლობას. პლატფორმა უზრუნველყოფს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლისა და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატების კვალიფიკაციის ამაღლებას და მიღებული ცოდნის დონის შემოწმებას.

ABA–სთან პარტნიორობის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახური, თავისი რეგიონული ინფრასტრუქტურის მეშვეობით, ხელს უწყობს ონლაინ სასწავლო პლატფორმის გამოყენებას როგორც სამსახურში დასაქმებული საზოგადოებრივი ადვოკატების, ისე კერძო პრაქტიკის მქონე იურისტების მიერ.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონულ ბიუროებში პირველი რამდენიმე ვიდეო-ტრენინგი 2014 წლის ივლისში ჩატარდა. წელს ეს პროცესი უფრო მასშტაბურ ხასიათს შეიძენს. წლის ბოლომდე თბილისში, მცხეთაში, თელავში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში 50-ზე მეტი ვიდეო-ტრენინგი ჩატარდება.