Top

ახალციხის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

საზოგადოებრივი ადვოკატის დახმარებით, დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული გამართლდა

იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის ბიუროს საზოგადოებრივი ადვოკატის, პაატა მანველიშვილის, დახმარებით, დარიკო შ., რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, სასამართლოს მიერ სრულად გამართლდა.

საქმის მასალების მიხედვით, დარიკო შ. გახდა მოწმე იმისა, თუ როგორ განიხილავდა ბოროტმოქმედთა ჯგუფი ვალუტის გადახურდავების სფეროში მომუშავე პირის დაყაჩაღების გეგმას და, შემდგომ – ჩადენილი ყაჩაღობის დეტალებს, თუმცა აღნიშნულის თაობაზე სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

თავდაპირველად, ბრალდებულს იცავდა კერძო ადვოკატი, თუმცა პროცესებზე მისი გამოუცხადებლობის გამო, დარიკო შ.–ს, სახელმწიფოს ხარჯზე, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი დაენიშნა.

ბრალდების მხარის პოზიცია ძირითადად  ყაჩაღობაში ბრალდებულთა ჩვენებებს ეფუძნებოდა. თუმცა, სასამართლოში დაკითხვისას მათმა ნაწილმა დუმილის უფლებით ისარგებლა, ნაწილმა კი თავის ჩვენებაში დარიკო შ.–ს თაობაზე არაფერი თქვა.

ასეთ ვითარებაში, ადვოკატმა პაატა მანველიშვილმა მოითხოვა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლება, ვინაიდან დარიკო შ.–ის საწინააღმდეგო მტკიცებულებები, რაც გამოძიების ეტაპზე არსებობდა და რასაც ბრალდება ეყრდნობოდა, სასამართლო პროცესზე გამოკვლევის დროს არ დადასტურდა.

საბოლოოდ, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და დარიკო შ.–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.