Top

ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

პირი, რომელსაც 20 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატი ირაკლი შენგელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულ ს.თ.-ს ინტერესებს იცავდა. ს.თ.-ს პირველი ინსტანციის სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობაში ორი ან მეტი პირის მიმართ და საბრძოლო მასალის უკანონო ტარებაში.

"საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვის პროცესში ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა მისი პოზიცია პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის კანინიერებასთან და დასაბუთებულობასთან დაკავშირებით, პროკურორმა ასევე ვერ შეძლო წარმოედგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულ ს.თ.-ის მიერ დანაშაულის ჩადენას. დაცვის მხარემ საკუთარ დასკვნით სიტყვაში ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდება მხოლოდ ირიბ მტკიცებულებებს ეფუძნებოდა და აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. მხოლოდ ირბი მტკიცებულება ვერ გახდება პირის დამნაშავედ ცნობის საფუძველი, თუ არ არის ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმეში, რომელიც საკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისთვის," - აცხადებს ადვოკატი ირაკლი შენგელია.

საბოლოოდ ადვოკატ ირაკლი შენგელიამ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უდანაშაულოდ ცნობა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა. სასამართლომ სრულად გაიზიარა ადვოკატის პოზიცია და ს.თ. უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.