Top

ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

საზოგადოებრივი ადვოკატის დახმარებით, ქურდობაში ბრალდებული პრობაციონერი გამართლდა

იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს საზოგადოებრივი ადვოკატის, ბექარ როგავას, დახმარებით, ქურდობაში ბრალდებული რომეო ზ. სასამართლოს მიერ სრულად გამართლდა.

2007 წელს – ძარცვისთვის და 2013 წელს ქურდობისთვის ნასამართლებ პრობაციონერს, რომეო ზ.–ს, ბრალი ედებოდა მასში, რომ იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სამსუნგის ფირმის მობილურ ტელეფონს. აღკვეთის ღონისძიების სახით, ბრალდებულს შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა. რომეო ზ.–ს ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველთა ბაზაში. უფასო საადვოკატო მომსახურებისთვის, იურიდიული დახმარების სამსახურს ბრალდებულის დედამ მიმართა. რომეო ზ.–ს იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს ადვოკატი, ბექარ როგავა, დაენიშნა.

იმ იმედით, რომ ბრალდების მხარესთან, არასაპატიმრო სასჯელის პირობით, საპროცესო შეთანხმებას მიაღწევდა, რომეო ზ.–მ თავდაპირველად აღიარა ჩადენილი დანაშაული. თუმცა, წინასასამართლო სხდომაზე, პროკურატურამ უარი თქვა ამ პირობით საპროცესო შეთანხმების დადებაზე, ამიტომ ბრალდებულმა შეცვალა საწყისი პოზიცია, ხოლო –  საზოგადოებრივ ადვოკატმა, ბექარ როგავამა, მთელი ძალისხმევა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლებისკენ მიმართა.

დასკვნით სიტყვაში, საზოგადოებრივმა ადვოკატმა, ბექარ როგავამ, ყურადღება გაამახვილა მოწმეთა ჩვენებებში არსებულ არსებით წინააღმდეგობებზე. გარდა ამისა, დაცვის მხარემ მოითხოვა ჩხრეკის, დაკავებისა და დათვალიერების ოქმების, როგორც არსებითი დარღვევებით მოპოვებული მტკიცებულებების, უკანონოდ და დაუშვებლად ცნობა. მთავარ მოთხოვნას, რასაკვირველია, რომეო ზ.–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა წარმოადგენდა.

საბოლოოდ, ზუგდიდის რაიონულმა გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის პოზიცია, რომეო ზ. უდანაშაულოდ სცნო და სხდომის დარბაზიდანვე გაათავისუფლა.