Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ადვოკატ თეა ყაულაშვილის დახმარებით, სამშობლოში შევიწროებულ სომალელ გოგონას თავშესაფარი მიენიჭა

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატი თეა ყაულაშვილი თითქმის ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა ინსტანციაში ახორციელებდა   სომალელი გოგონას მეიკო მ. მ. ი. ჰ.–ს ინტერესების დაცვას. ბენეფიციარმა იურიდიული დახმარების სამსხურს მიმართა მას შემდეგ, რაც თავშეფარის მინიჭების თხოვნაზე უარი მიიღო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან. 

მოცემულ საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატი თეა ყაულაშვილი სარჩელის მომზადების ეტაპზე ჩაერთო.  საქმის მასალებით გაირკვა, რომ სომალის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე მეიკო მ. მ. ი. ჰ.   ეთნიკურად სომალელი, „რაჰავენის“ ტომის წარმომადგენელია.  2016 წელს მან დატოვა სომალი და მოითხოვა თავშესაფარი საქართველოში იმ მოტივით, რომ იგი არის ძალადობის მსხვერპლი როგორც ოჯახიდან, ისე სახელმწიფოსგან, რომელიც ვერაფერს აკეთებს მისი უფლებების დასაცავად. განსაკუთრებით პრობლემა აქვს იმიტომ, რომ ქალია. იგი მამამისის  მესამე ცოლის შვილია. დედამისი კი მამამისის პირველი ცოლის შვილმა მოკლა. ამ ყველაფრისგან თავისდასაღწევად  იგი ჯერ საუდის არაბეთში გადავიდა, მაგრამ იქაც მსხვერპლი აღმოჩნდა და ბოლოს საქართველოში წამოვიდა.

საქმესთან დაკავშირებით 2016 წლიდან 2017 წლის ჩათვლით გაიმართა სასამართლოს არაერთი სხდომა. ადვოკატმა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ  ინფორმაციაზე მიუთითა,  რომ სწორედ მოცემული ინფორმაცია გამორიცხავდა მოსარჩელის დაბრუნებას სომალში და რომ სამინისტროს სათანადოდ უნდა  ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება, გაეთვალისწინებინა  მეიკო მ. მ. ი. ჰ.–ს  შესაძლო დევნისა და არაჰუმანური მოპყრობის რისკები და  მისთვის აუცილებლად უნდა მიენიჭებინა თავშესაფარი საქართველოში.

საქმის გარემოებების მოსმენისა და განხილვის შემდგომ, სასამართლომ  მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და  მეიკო მ. მ. ი. ჰ.–ს სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. აღნიშნულ სამინისტროს  დაევალა შესაბამისი აქტის გამოცემა ტრადიციების მსხვერპლი  სომალელი გოგონასთვის  საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ.