Top

ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ადვოკატ ზურაბ დალაქიშვილის მეოხებით, სასამართლომ მოქალაქე უდანაშაულოდ ცნო

ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ზურაბ დალაქიშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში სავალდებულო წესით იცავდა ბრალდებულ  დ. ბ.–ს, რომელიც თავს არიდებდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას.  მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381–ე მუხლით (განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა).   

საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ მიუხედავად  თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 სექტემბრის  განაჩენით დადგენილი აკრძალვისა, 2016 წლის 20 დეკემბერს,  დ.ბ. მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას. თუმცა იქვე გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დეტალი, კერძოდ, ბრალდებულის მეუღლემ ქალბატონმა თ. შ.მ, რომელიც თავდაპირველად თვითონ  მართავდა ავტომობილს,  იგრძნო ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში და აუცილებელი გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა. სამწუხაროდ, მათ მანქანაში, გარდა მცირეწლოვანი შვილებისა, არავინ  იმყოფებოდა, ვინც შეძლებდა ავტომობილის მართვას. საქმეში ასევე წარმოდგენილი იქნა სამედიცინო ფორმა 100, რითაც დადასტურდა თ. შ.–ს შეუძლოდ ყოფნის ფაქტი. 

საქმის არსებითი განხილვის შემდგომ,  საზოგადოებრივმა ადვოკატმა ზურაბ დალაქიშვილმა სწორედ ამ დეტალებზე გაამახვილა ყურადღება და  დასკვნით სიტყვაში  სასამართლოს თხოვა, უდანაშაულოდ ეცნო  ბრალდებული. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სრულად გაიზიარა ადვოკატ ზურაბ დალაქიშვილის დასაბუთებული მოთხოვნა და ბრალდებული დ.ბ. ცნობილი იქნა უდანაშაულოდ.