Top

იურიდიული დახმარება სისხლის სამართლის პროცესში

ონლაინ დახმარება

იურიდიული დახმარება სისხლის სამართლის პროცესში

სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებულის დაცვა წარმოადგენს იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას.

იურიდიული დახმარების სამსახური სისხლის სამართლის საქმეზე უფასო საადვოკატო მომსახურებას ახორციელებს, თუ:

  • ადვოკატის დანიშვნას მოითხოვს გადახდისუუნარო ბრალდებული/მსჯავრდებული;
  • არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა და საქმეში არ მონაწილეობს ბრალდებულის მიერ აყვანილი ადვოკატი.

პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

ბრალდებულს აქვს უფლება:

  • ჰყავდეს ადვოკატი;
  • თავი შეიკავოს კითხვებზე პასუხის გაცემისაგან და გამოიყენოს დუმილის უფლება;
  • დაკავების ან დაპატიმრებისთანავე მოითხოვოს უფასო სამედიცინო შემოწმება და მიიღოს შესაბამისი წერილობითი დასკვნა.
  • დამოუკიდებლად ან ადვოკატის მეშვეობით, სრული მოცულობით ჩაატაროს გამოძიება, რაც გულისხმობს:
    • მოიპოვოს და წარადგინოს მტკიცებულებები;
    • მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულება, რომელიც მისთვის სასარგებლო იქნება;
    • მონაწილეობა მიიღოს მისი ან/და მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში;
    • მოითხოვოს ადვოკატის დასწრება მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში;
    • ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე, თუ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სახელმწიფო ენა ან აქვს ისეთი ფიზიკური ნაკლი, რომელიც თარჯიმნის გარეშე მასთან კომუნიკაციას გამორიცხავს;
    • დაკავებისთანავე ან დაპატიმრების შემთხვევაში თავისი ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს შეატყობინოს დაკავების ან დაპატიმრების ფაქტი და ადგილსამყოფელი, თავისი მდგომარეობა;
    • მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
    • სისხლის სამართლის საქმის მასალებს, ასევე უსასყიდლოდ მიიღოს მათი ასლები;
    • მონაწილეობა მიიღოს მისი ბრალდების საქმის გამოძიებასა და სასამართლო განხილვაში;
    • გაასაჩივროს გამომძიებლის, პროკურორის და სასამართლოს გადაწყვეტილებები;
    • ბრალდებულს უფლება აქვს არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში ან მისი საქმის სასამართლო განხილვაში.

 


სამართლებრივი აქტები

 


მომსახურების ფარგლები

იურიდიული დახმარების სამსახური ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაცვას ახორციელებს სისხლის სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. ბრალდებულის დაცვისას, იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატი, როგორც წესი, ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს:

  • ხვდება დასაცავ პირს, აცნობს საქმის მასალებს, მასთან ერთად აანალიზებს დაცვის და ბრალდების მტკიცებულებებს და უწევს შესაბამის კონსულტაციას;
  • ადგენს საქმესთან დაკავშირებულ სამართლებრივ დოკუმენტებს - განცხადებებს, საჩივრებს, მიმართვებს, შუამდგომლობებს და ა.შ;
  • კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მონაწილეობს საპროცესო მოქმედებებში, ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს;
  • ემზადება სასამართლო პროცესებისთვის, კერძოდ:
    • მოიძიებს საქმის მასალებს, მტკიცებულებებს;
    • მოიძიებს მოწმეებს და გამოკითხავს მათ; 
    • გადაამოწმებს და აანალიზებს საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და მასალებს;
    • ამზადებს შესავალ და დასკვნით სიტყვას;
    • გამოდის სასამართლო პროცესებზე და წარადგენს მოპოვებულ მტკიცებულებებს; 
    • ახდენს დასაცავი პირის და საჭიროების შემთხვევაში მისი ნათესავების/ახლობლების ინფორმირებას საქმეში ჩართვასთან დაკავშირებით;
    • ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

 


მომსახურებით სარგებლობის პირობები

როგორც ყველა სხვა მომსახურების შემთხვევაში, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატის მიერ ბრალდებულის დაცვა სისხლის სამართლის პროცესში ხორციელდება უფასოდ. 

იურიდიული დახმარების სამსახური სისხლის სამართლის საქმეზე უფასო საადვოკატო მომსახურებას ახორციელებს, თუ:

  • ადვოკატის დანიშვნას მოითხოვს გადახდისუუნარო ბრალდებული/მსჯავრდებული;
  • არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა და საქმეში არ მონაწილეობს ბრალდებულის მიერ აყვანილი ადვოკატი.

1. გადახდისუუნარობის კრიტერიუმები

პირი გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.

გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება აგრეთვე პირს, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 000-ზე და მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:

  • იმ მრავალშვილიანი ოჯახის წევრი, რომელსაც ჰყავს 3 ან მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი;
  • 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;
  • მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სრულწლოვანი პირი;
  • მკვეთრად, მნიშვნელოვანად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის  სტატუსის მქონე პირი, თუ შესაძლებლობის შეზღუდვა მიმდინარეობს ბავშვობიდან;
  • 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვი;
  • რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირი.

განსაკუთრებულ შემთხვევებში, იურიდიული დახმარება შეიძლება გაეწიოს იმ პირსაც, რომელიც არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში, მაგრამ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე თვითონ ვერ გაწევს საადვოკატო მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. აღნიშნული რეგულირდება იურიდიული დახმარების საბჭოს 2015 წლის 9 სექტემბრის №27 გადაწყვეტილებით. აღნიშნული პირობა ვრცელდება შემდეგი კატეგორიების პირებზე: 

  • პირები, რომლებიც წარსულში აკმაყოფილებდნენ გადახდისუუნარობის კრიტერიუმებს და მათი მონაცემები მოიპოვება სოციალურად დაუცველთა ბაზის არქივში;
  • პირები, რომელთა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული ცნობებით;
  • მძიმე და განუკურნებული სენით დაავადებული პირები;
  • მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილები;
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირი;
  • ასაკით პენსიონერი;
  • იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული ადვოკატი / ადვოკატის ოჯახის წევრი / ახლო ნათესავი;
  • მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრი;
  • სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის ბენეფიციარი;
  • საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის ,,კათარზისის’’ (სათნოების სახლი) ბენეფიციარი.

2. სავალდებულო დაცვა

ადვოკატი სავალდებულო წესით ენიშნება ბრალდებულს:

  • თუ არასრულწლოვანია;
  • თუ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
  • თუ აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას;
  • თუ გამოტანილია განჩინება (დადგენილება) სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;
  • თუ ჩადენილი ქმედებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით;
  • თუ მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე;
  • თუ სისხლის სამართლის საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო;
  • თუ თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას;
  • თუ გააძევეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
  • თუ არაიდენტიფიცირებული პირია;
  • საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
 
იურიდიული კონსულტაცია
იურიდიული დოკუმენტების შედგენა
არასრულწლოვანთა დაცვა
ოჯახში ძალადობა
ქალთა მიმართ ძალადობა
საოჯახო სამართალი
მემკვიდრეობა
დევნილთა უფლებები
სოციალური დახმარება
პენსიის საკითხები
პირის „მხარდაჭერის მიმღებად“ ცნობა
პაციენტთა უფლებები
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები
არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა
პატიმართა დისციპლინური სამართალწარმოება
ადმინისტრაციული პატიმრობა
თავშესაფრის მაძიებლები
ყოფილ სახელმწიფო მოხელეთა და მეცნიერთა სოციალური უფლებები
საომარ მოქმედებებში დაღუპულ და უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების სოციალური უფლებები
ტუბერკულოზით დაავადებულ პირთა არანებაყოფლობითი იზოლაცია
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა უფლებები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები