Top

დევნილთა უფლებები

ონლაინ დახმარება

დევნილთა უფლებები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული–დევნილი მოსახლეობის პრობლემატიკა ქვეყნისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რომელზე მრავალი წელია მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. მათი უფლებების დაცვა იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს.

იურიდიული დახმარების სამსახური დევნილს საკუთარი უფლებების დასაცავად სთავაზობს უფასო იურიდიულ კონსულტაციას. მას შეუძლია ისარგებლოს როგორც პირადი ასევე სატელეფონო/ონლაინ კონსულტაციის სერვისებით. იურიდიული დახმარების სამსახური უფასო საადვოკატო მომსახურებას ახორციელებს დევნილთა უფლებების დაცვაზე, თუ:

  • ადვოკატის დანიშვნას მოითხოვს გადახდისუუნარო იძულებით გადაადგილებული პირი, რომლის მიმართაც დაირღვა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებები;
  • დევნილისთვის იურიდიული დახმარების გაწევა (მისი სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობა) მიზანშეწონილია საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე.

იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. თუ მშობელმა (მშობლებმა) ან კანონიერმა წარმომადგენელმა არ განაცხადა თანხმობა და არასრულწლოვან პირს ამის გამო არ მიენიჭა დევნილის სტატუსი, მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.

დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ პირი განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სამინისტრო გადაწყვეტილებას იღებს განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში. სამინისტროს უარი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში უარის მიღებიდან 1 თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

პირს დევნილის სტატუსი შეუწყდება, თუ:

  • მას პირადი განცხადების საფუძველზე მოეხსნა დევნილის სტატუსი;
  • მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე აღმოიფხვრა ის პრობლემები, რაც მისი წამოსვლის მიზეზი გახდა;
  • მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;
  • მან, როგორც საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირმა, მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
  • სასამართლომ იგი აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
  • სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში მან არ გაიარა დევნილთა რეგისტრაცია;
  • იგი გარდაიცვალა.

პირს დევნილის სტატუსი აღუდგება, თუ:

  • სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ;
  • მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველზე და მას კვლავ მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა;
  • მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა პირადი განცხადების საფუძველზე და პირადი განცხადებით კვლავ მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება;
  • მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში დევნილთა რეგისტრაციის არ გავლის საფუძველზე და პირადი განცხადებით მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა.

პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო. მისთვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხებს წყვეტს სამინისტრო, ხოლო დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე დავებს წყვეტს სასამართლო.

დევნილის შემწეობა შეჩერდება ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვში, თუ:

  • დასადგენია პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისთვის წარდგენილი საბუთების სისწორე;
  • არ არის წარდგენილი დევნილის პირადი ნომერი;
  • ვერ ხერხდება არასრულწლოვანი დევნილის კანონიერი წარმომადგენლის დადგენა.

დევნილის შემწეობა შეწყდება მომდევნო თვის პირველ რიცხვში, თუ:

  • ვერ დადგინდა პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისთვის წარდგენილი საბუთების სისწორე, არ წარადგინა პირადი ნომერი ან ვერ ხერხდება არასრულწლოვანი დევნილის კანონიერი წარმომადგენლის დადგენა ერთი თვის განმავლობაში;
  • დევნილმა შემწეობის მიღებაზე პირადი განცხადებით თქვა უარი;
  • დევნილი ორ თვეზე მეტი ხნით გავიდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასვლა დაკავშირებულია სამსახურებრივ მივლინებასთან, სწავლასთან ან სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობასთან (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით) და ეს დევნილმა წინასწარ აცნობა სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • დევნილმა პირადი განცხადებით განაცხადა თანხმობა სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის განკუთვნილი სოციალური დახმარების მიღებაზე;
  • დევნილის დასაბეგრი შემოსავალი თვეში შეადგენს 1250 ლარს ან მეტს, რაც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი მონაცემებით.

დევნილის შემწეობა აღდგება შესაბამისი გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, მის მიერ პირადი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში და მისი გაცემა განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და მიუღებელი თანხა ანაზღაურდება, მაგრამ დევნილის შემწეობის შეჩერების დღიდან არაუმეტეს ერთი წლისა;

დევნილს უფლება აქვს:

  • მიიღოს დევნილის შემწეობა 45 ლარის ოდენობით;
  • მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით;
  • ისარგებლოს სათანადო საცხოვრებლით საქართველოს ფარგლებში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გრძელვადიანი საცხოვრებლით არის უზრუნველყოფილი;
  • გაასაჩივროს სამინისტროს უარი პირისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში სასამართლოში;
  • დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე ადმინისტრაციული სარჩელით მიმართოს სასამართლოს;
  • დევნილის შემწეობის შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის შემდეგ მოითხოვოს შემწეობის მიღება შეჩერების მომენტიდან არაუმეტეს ერთი წლისა;
  • გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ბრძანება გაასაჩივროს სასამართლოში, ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
  • გრძელვადიანი საცხოვრებლის არქონის შემთხვევაში კანონით განსაზღვრული პირობებით მოითხოვოს ქირის გადახდა სამინისტროსგან არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს უფასო იურიდიული დახმარება გაეწევა კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში.

 


სამართლებრივი აქტები

 


მომსახურების ფარგლები

სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეზე მუშაობისას, იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატი, როგორც წესი, ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს:

  • ეცნობა ინფორმაციას და საქმის მასალებს წარმოებაში მიღებული საქმეების შესახებ;
  • ხვდება დასაცავ პირს და უწევს სამართლებრივ კონსულტაციას;
  • აანალიზებს საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას და უზრუნველყოფს საქმის წარმატებით წარმართვისათვის მტკიცებულებების შეგროვებას და წარდგენას შესაბამის უწყებაში ან სასამართლოში;
  • წარმოადგენს დასაცავ პირს სასამართლოში;
  • ადგენს საქმესთან დაკავშირებულ სამართლებრივ დოკუმენტებს – განცხადებებს, სარჩელებს, შესაგებლებს, საჩივრებს, მიმართვებს, შუამდგომლობებს და ა.შ.;
  • ახდენს დასაცავი პირის და, საჭიროების შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებას საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

 


მომსახურებით სარგებლობის პირობები

 

 

 
იურიდიული კონსულტაცია
იურიდიული დოკუმენტების შედგენა
იურიდიული დახმარება სისხლის სამართლის პროცესში
არასრულწლოვანთა დაცვა
ოჯახში ძალადობა
ქალთა მიმართ ძალადობა
საოჯახო სამართალი
მემკვიდრეობა
სოციალური დახმარება
პენსიის საკითხები
პირის „მხარდაჭერის მიმღებად“ ცნობა
პაციენტთა უფლებები
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები
არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა
პატიმართა დისციპლინური სამართალწარმოება
ადმინისტრაციული პატიმრობა
თავშესაფრის მაძიებლები
ყოფილ სახელმწიფო მოხელეთა და მეცნიერთა სოციალური უფლებები
საომარ მოქმედებებში დაღუპულ და უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების სოციალური უფლებები
ტუბერკულოზით დაავადებულ პირთა არანებაყოფლობითი იზოლაცია
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა უფლებები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები