Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

უსახლკარო ოჯახი მალე თავშესაფარს მიიღებს

2018 წლის აგვისტოში თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართეს სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებმა  - ლ.მ-მ, მისმა შვილმა ა.ბ.-მ და შვილიშვილმა ლ.ბ.-მ.

მათი ინტერესების დაცვა დაევალა საზოგადოებრივ ადვოკატს ჯემალ გელოვანს, რომელმაც გაარკვია, რომ ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს, წლების განმავლობაში ითხოვს „უსახლკაროს“ სტატუსის მინიჭებას და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოყოფილ თავშესაფარში ფართით  დაკმაყოფილებას ითხოვს. 

ადვოკატმა ბენეფიციარებს თავდაპირველად სამართლებრივი კონსულტაცია გაუწია, შემდგომ შუდგინა სარჩელი, სადაც იგი ითხოვდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის იმ ბრძანების ბათილად ცნობას, რომელიც  უარს წარმოადგენდა ლ.მ-ს ოჯახის „უსახლკაროდ“ რეგისტრაციაზე. როგორც გაირკვა, მერიის უარის საფუძველი იყოს საბანკო სესხი, რომელიც ოჯახმა აწ უკვე გარდაცვლილი წევრის მკურნალობისთვის აიღო. ადმინისტრაციულმა ორგანომ, სესხი შემოსავლად მიიჩნია, რაც სამართლებრივიად არასწორი იყო. საზოგადოებრივი ადვოკატი ახალი აქტის გამოცემას, შესაბამისად,  ოჯახისთვის „უსახლკაროს“ სტატუსის მინიჭებას  და თავშესაფარში ფართის გამოყოფას ითხოვდა.

რამდენიმე თვიანი პროცესის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სრულად დააკმაყოფილა ადვოკატ ჯემალ გელოვანის მოთხოვნა და დაავალა  თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - ლ.მ.-ს, ა.ბ. -ს და ლ. ბ.-ს „უსახლკარო“ პირებად რეგისტრაციის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ კი მოსარჩელეებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოყოფილი თავშესაფრის ფართით.