Top

რუსთავის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ადვოკატ არჩილ ცაგურიას დახმარებით, ერთი ბრალდებული გამართლდა მეორეს კი პირობითი სასჯელი მიესაჯა

იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს ადვოკატი, არჩილ ცაგურია, იცავდა რ.მ.–ს და რ.ო.–ს, რომელთაც ბრალი ედებოდათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობაში, რასაც შესაძლოა, გამოეწვია მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

წარდგენილი ბრალდების მიხედვით, რ.ო., რომელიც თავდაცვის სამინისტროში ექსკავატორის მძღოლად მუშაობდა, რ.მ.–ის დახმარებით, შეეცადა ექსკავატორის ავზიდან 290 ლარად ღირებული 240 ლიტრი დიზელის საწვავის ფარულად დაუფლებას, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა ორივე პირი შეამჩნიეს და დააკავეს.

რ.ო. ნაწილობრივ აღიარებდა დანაშაულს. რ.მ.–ის მტკიცებით კი, მან არ იცოდა, რომ უნდა გამხდარიყო დანაშაულის თანამონაწილე. იგი უბრალოდ უნდა დახმარებოდა რ.ო.–ს მისი კუთვნილი საწვავის გადაზიდვაში, სანაცვლოდ კი გარკვეული რაოდენობის დიზელს მიიღებდა. რ.მ.–ის თქმით, მას არ გასჩენია ეჭვი, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის მცდელობას, რადგან ექსკავატორს არ ჰქონდა სამხედრო ნომრები. ხოლო დანაშაულის შესახებ გაიგო მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ექსკავატორზე ასული რ.ო. დააკავეს.

სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე, ბრალდების მხარემ ორივე ბრალდებულისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, თუმცა დაცვის მხარე აღნიშნულს არ დაეთანხმა. შედეგად, სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და ბრალდებულებს შეუფარდა გირაო, პატიმრობის უზრუნველყოფით.

წინასასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარის მოთხოვნით, რ.მ.–ის მიმართ  სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა, თუმცა აღნიშნული გასაჩივრებული იქნა პროკურორის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებით, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება რ.მ.–ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე.

დაცვის მხარე თვლიდა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები რ.მ.–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი არ იყო. ამიტომ, დასკვნით სიტყვაში, ადვოკატმა არჩილ ცაგურიამ რ.მ.–ის გამართლება, ხოლო რ.ო.–სთვის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების („წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ“) მოხსნა და პირობითი სასჯელის გამოყენება მოითხოვა.

საბოლოოდ, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატის პოზიცია, რ.მ. ცნო უდანაშაულოდ და რ.ო.–ს კი სამწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა.