Top

არასრულწლოვანთა დაცვა

ონლაინ დახმარება

არასრულწლოვანთა დაცვა

იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა. ქართული კანონმდებლობის თანახმად, პირი, რომელსაც არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის არის არასრულწლოვნი. ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს არასრულწლოვნის პასუხისმგებლობას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს ნებისმიერი ასაკის არასრულწლოვანს. მაგალითად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის არასრულწლოვანს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ მაშინ, თუ სამართალდარღვევის ჩადენის მომენტში იგი იყო 16 წლის, ნაკლები ასაკის შემთხვევაში იგი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას - აქ პასუხისმგებლობის ასაკად დადგენილია 14 წელი.

არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის მიმართულებით იურიდიული დახმარების სამსახური არასრულწლოვნებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებებს:

  • არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის/გამართლებლის ან დაზარალებულის ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე;
  • არასრულწლოვანი მოწმის გადახდისუუნარობის შემთხვევაში მისთვის ადვოკატის გამოყოფა;
  • არასრულწლოვანი ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის უფლებების დაცვა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

აუცილებელია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ჩართულ ნებისმიერ პირს (მაგალითად, მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი, პოლიციელი, ადვოკატი, სოციალური  მუშაკი, მედიატორი, პრობაციის ოფიცერი და სხვა) გავლილი ჰქონდეს სპეციალური მომზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანის მიმართ საპროცესო მოქმედება განახორციელა ისეთმა პირმა, რომელსაც სპეციალური მომზადება არ აქვს გავლილი, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სპეციალიზებულ პირს, რომელმაც უნდა გააგრძელოს პროცესი.

კანონმდებლობა ითვალისწინებს არასრულწლოვნის, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, ასევე, სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შემთხვევებს. კერძოდ:

პირი თავისუფლდება არასრულწლოვანების პერიოდში ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა:

  • 1 წელი იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ არემატება 2 წლით თავისუფლების აღკვეთას;
  • 3 წელი სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან;
  • 5 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან;
  • 12 განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან.

არასრულწლოვანი მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა:

  • 1 წელში იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 2 წლით თავისუფლების აღკვეთას;
  • 3 წელში სხვა, ნაკლებად მძიმა დანაშაულისათვის მსჯავრდებისას;
  • 5 წელში მძმე დანაშაულისათვის მსჯავრდებისას;
  • 7 წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მსჯავრდებისას.

იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულს ჩაიდენს, პირველ რიგში, განიხილება განრიდების საკითხი, რაც წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ფორმას, რომლის მიზანია არასრულწლოვანის სათანადო განვითარებისა და საზოგადოებაში მისი ინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

  • მეთვალყურეობაში გადაცემა;
  • შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ;
  • პირადი თავდებობა;
  • გირაო;
  •  პატიმრობა.

არასრულწლოვანის სასჯელის სახეებია:

  • ჯარიმა – ფულადი გადასახდელი, რომელიც დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი კანონიერი საქმიანობიდან. ჯარიმის დანიშვნის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი მინიმალური ოდენობა ნახევრდება.
  • შინაპატიმრობა –  რაც ნიშნავს არასრულწლოვანისათვის დღე–ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დაკისრებას. იგი ინიშნება 6 თვიდან 1 წლამდე ვადით;
  • საქმიანობის უფლების  ჩამორთმევა  – 1-დან 3 წლამდე ვადით;
  • საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 40-დან 300 საათამდე ვადით, ყოველდღიურად ასეთი შრომის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს;
  • თავისუფლების შეზღუდვა – მაქსიმალური ვადა 3 წელი;
  • ვადიანი თავისუფლების აღკვეთა – არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი. 14-დან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა მცირდება 1/3-ით. ამასთან, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს. 16-დან 18 წლამდე  ასაკის არასრულწლოვანისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა მცირდება 1/4–ით. ამასთან, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 წელს.

სპეციალური პირობების არსებობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია დანიშნული სასჯელი ჩათვალოს პირობით მსჯავრად. კერძოდ, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც არ ყოფილა მსჯავრდებული განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული, სასამართლო შეუძლია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს.

არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმე არ შეიძლება განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მიერ.

იურიდიული დახმარების სამსახურში ფუნქციონირებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვანს პირველი მოთხოვნისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს იურიდიული დახმარებით.

 


სამართლებრივი აქტები

 


მომსახურების ფარგლები

 

 


მომსახურებით სარგებლობის პირობები

 

 

 
იურიდიული კონსულტაცია
იურიდიული დოკუმენტების შედგენა
იურიდიული დახმარება სისხლის სამართლის პროცესში
ოჯახში ძალადობა
ქალთა მიმართ ძალადობა
საოჯახო სამართალი
მემკვიდრეობა
დევნილთა უფლებები
სოციალური დახმარება
პენსიის საკითხები
პირის „მხარდაჭერის მიმღებად“ ცნობა
პაციენტთა უფლებები
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები
არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა
პატიმართა დისციპლინური სამართალწარმოება
ადმინისტრაციული პატიმრობა
თავშესაფრის მაძიებლები
ყოფილ სახელმწიფო მოხელეთა და მეცნიერთა სოციალური უფლებები
საომარ მოქმედებებში დაღუპულ და უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების სოციალური უფლებები
ტუბერკულოზით დაავადებულ პირთა არანებაყოფლობითი იზოლაცია
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა უფლებები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები