Top

ოჯახში ძალადობა

ონლაინ დახმარება

ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლთა დაცვა და დახმარება წარმოადგენს იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროს.

იურიდიული დახმარების სამსახური ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის/სავარაუდო მსხვერპლებისთვის, ასევე, უფასოდ უზრუნველყოფს სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას და ადვოკატის მომსახურებას (ადმინისტრაციულ ორგანოში/სასამართლოში წარმომადგენლობას), იმ შემთხვევაში თუ მსხვერპლის/სავარაუდო მსხვერპლის მიმართ სასამართლო განიხილავს დამცავი ორდერის გამოცემის საკითხს, მიუხედავად პირის გადახდისუნარიანობისა,  ხოლო შემაკავებელი ორდერის გამოცემისას, მსხვერპლი გადახდისუუნაროა, – მას შეუძლია ისარგებლოს უფასო საადვოკატო მომსახურებით. 

ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებების და თავისუფლებების დარღვევას უგულვებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

ქართული კანონმდებლობა ოჯახის წევრის საკმოდ ვრცელ ჩამონათვალს გვთავაზობს, კერძოდ, ოჯახის წევრად ოჯახში ძალადობის დროს ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ასევე, პირი, რომელთანაც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების საფუძველზე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს არასრულწლოვანი, რომელზე ზრუნვისა და რომლის კანონიერი ინტერესების დაცვის ვალდებულებაც დაეკისრა აღნიშნულ პირს იმავე სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების საფუძველზე.

არსებობს ძალადობის შემდეგი ფორმები:

ფიზიკური ძალადობა - ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;

ფსიქოლოგიური ძალადობა - შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივის და ღირსების შელახვას;

სექსუალური ძალადობა - სექსუალური კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;

ეკონომიკური ძალადობა - ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებლით და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრების და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;

იძულება - ადამინის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;

უგულვებელყოფა - მშობლის ან/და კანონიერი წარმომადგენლის მიერ ბავშვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს ან/და კანონიერ წარმომადგენელს აქვს სათანადო ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება შესაბამის მომსახურებაზე;

ოჯახში ძალადობის დროს მოძალადე არის პირი, რომელიც ახორციელებს ძალადობას, ხოლო მსხვერპლი არის პირი, ვის მიმართაც ხორციელდება ძალადობა

მოქმედი კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის გამოვლენის და აღკვეთის მიზნით ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ, სამოქალაქო სამართლებრივ და ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მექანიზმებს.

სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მოძალადის მიმართ ძალადობის სავადაუდო ფაქტზე, რასაც შედეგად შესაძლოა მოჰყვეს პატიმრობა.

სამოქალაქო სამართლებრივი მექანიზმები გულისხმობს მსხვერპლის უფლებას მოითხოვოს ძალადობის შედეგად მოძალადის მიერ მისთვის მიყენებული მატერიალური და არამატერიალური ზიანის ანაზღაურება.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მექანიზმები ითვალისწინებს მოძალადისათვის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვას ან აკრძალვას, რაც ხორციელდება შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემით.

შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც გამოცემიდან 24 საათში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. შემაკავებელი ორდერი მოქმედებს გამოცემიდან 1 თვემდე ვადით.

დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. სასამართლოსთვის დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე მიმართვის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. დამცავი ორდერი მოქმედებს გამოცემიდან 6 თვემდე ვადით.

ოჯახში ძალადობის მხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია სახელმწიფო თავშესაფარი, სადაც ხდება მსხვერპლის ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია, იურიდიული და სამედიცინო დახმარება.

არსებობს კრიზისული ცენტრი – ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასა და სამართლებრივ დახმარებას.

ასევე შესაძლებელია მსხვერპლის საცხოვრებელ ადგილზე დროებით დარჩენა და მოძალადის განრიდება ამ საცხოვრებლისგან იმ შემთხვევაშიც, თუ ეს საცხოვრებელი მოძალადის საკუთრებაა.

მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას ამ კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოებთან (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები, საგამოძიებო ორგანოები, სასამართლო) ერთად უზრუნველყოფს აგრეთვე მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი, თუ მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად არ მიმდინარეობს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესი ან ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით არ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ მინიჭებული მსხვერპლის სტატუსი მოქმედებს მინიჭებიდან 18 თვის განმავლობაში, ხოლო თუ მსხვერპლი თავშესაფრით სარგებლობს − მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსებისათვის ამ კანონით განსაზღვრული ვადით.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს/სავარაუდო მსხვერპლებს, საკუთარი უფლებების დასაცავად, შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ იურიდიული დახმარების სამსახურის  როგორც პირადი, ასევე, სატელეფონო/ონლაინ კონსულტაციის სერვისებით (ცხელი ხაზი: 292 00 55,  Skype:legalaid.ge, Facebook:legalaid.ge).

თუ თქვენ გახდით ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის თაობაზე, გთხოვთ 24 საათის განმავლობაში დარეკოთ სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზის ნომერზე: +995 32 116 006 ან 112

 


სამართლებრივი აქტები

 


მომსახურების ფარგლები

 

 


მომსახურებით სარგებლობის პირობები

იურიდიული დახმარების სამსახური ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს უწევს უფასო იურიდიულ კონსულტაციას.

სამსახური ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის/სავარაუდო მსხვერპლებისთვის, ასევე, უფასოდ უზრუნველყოფს სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას და ადვოკატის მომსახურებას (ადმინისტრაციულ ორგანოში/სასამართლოში წარმომადგენლობას), იმ შემთხვევაში თუ მსხვერპლის/სავარაუდო მსხვერპლის მიმართ სასამართლო განიხილავს დამცავი ორდერის გამოცემის საკითხს, მიუხედავად პირის გადახდისუნარიანობისა,  ხოლო შემაკავებელი ორდერის გამოცემისას, მსხვერპლი გადახდისუუნაროა, – მას შეუძლია ისარგებლოს უფასო საადვოკატო მომსახურებით. 

პირი გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.

გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება აგრეთვე პირს, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 000-ზე და მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:

  • იმ მრავალშვილიანი ოჯახის წევრი, რომელსაც ჰყავს 3 ან მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი;
  • 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;
  • მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სრულწლოვანი პირი;
  • მკვეთრად, მნიშვნელოვანად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, თუ შესაძლებლობის შეზღუდვა მიმდინარეობს ბავშვობიდან;
  • 18 წლამდე ასაკის დედმამით ობოლი ბავშვი;
  • რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირი.

განსაკუთრებულ შემთხვევებში, იურიდიული დახმარება შეიძლება გაეწიოს იმ პირსაც, რომელიც არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში, მაგრამ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე თვითონ ვერ გაწევს საადვოკატო მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. აღნიშნული რეგულირდება იურიდიული დახმარების საბჭოს 2015 წლის 9 სექტემბრის №27 გადაწყვეტილებით. აღნიშნული პირობა ვრცელდება შემდეგი კატეგორიების პირებზე:

  • პირები, რომლებიც წარსულში აკმაყოფილებდნენ გადახდისუუნარობის კრიტერიუმებს და მათი მონაცემები მოიპოვება სოციალურად დაუცველთა ბაზის არქივში;
  • პირები, რომელთა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული ცნობებით;
  • მძიმე და განუკურნებული სენით დაავადებული პირები;
  • მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილები;
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირი;
  • ასაკით პენსიონერი;
  • იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული ადვოკატი/ადვოკატის ოჯახის წევრი/ახლო ნათესავი;
  • მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრი;
  • სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის ბენეფიციარი;
  • საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის „კათარზისის" (სათნოების სახლი) ბენეფიციარი.
 
იურიდიული კონსულტაცია
იურიდიული დოკუმენტების შედგენა
იურიდიული დახმარება სისხლის სამართლის პროცესში
არასრულწლოვანთა დაცვა
ქალთა მიმართ ძალადობა
საოჯახო სამართალი
მემკვიდრეობა
დევნილთა უფლებები
სოციალური დახმარება
პენსიის საკითხები
პირის „მხარდაჭერის მიმღებად“ ცნობა
პაციენტთა უფლებები
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები
არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა
პატიმართა დისციპლინური სამართალწარმოება
ადმინისტრაციული პატიმრობა
თავშესაფრის მაძიებლები
ყოფილ სახელმწიფო მოხელეთა და მეცნიერთა სოციალური უფლებები
საომარ მოქმედებებში დაღუპულ და უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების სოციალური უფლებები
ტუბერკულოზით დაავადებულ პირთა არანებაყოფლობითი იზოლაცია
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა უფლებები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები