Top

სოციალური დახმარება

ონლაინ დახმარება

სოციალური დახმარება

იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს ბენეფიციარების უფლებების დაცვა სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

იურიდიული დახმარების სამსახური საკუთარი უფლებების დასაცავად ბენეფიციარებს სთავაზობს უფასო იურიდიულ კონსულტაციას. მათ შეუძლიათ ისარგებლონ, როგორც პირადი, ასევე, სატელეფონო/ონლაინ კონსულტაციის სერვისებით. იურიდიული დახმარების სამსახური სოციალური დახმარების საქმეზე უფასო საადვოკატო მომსახურებას ახორციელებს, თუ:

  • პირი არის გადახდისუუნარო;
  • სადაო საკითხი განეკუთვნება რთულ და მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიას;
  • სადაო საკითხი გამომდინარეობს ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან ან კანონქვემდებარე აქტებიდან.

სახელმწიფო საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალურ მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ და უსახლკარო პირებზე სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარების მიზნით უზრუნველყოფს სხვადასხვა სოციალურ დახმარებას. სოციალური დახმარების სახეებია:

საარსებო შემწეობა - ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა ეკუთვნის ოჯახს, რომლის სარეიტინგო ქულაც ნაკლებია კანონმდებლობით გათვალისწინებულ ოდენობაზე და იგი ემსახურება ღატაკი ოჯახების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება სარეიტინგო ქულის ოდენობის შესაბამისად. ოჯახს, რომელიც მინიჭებულ ქულას არ ეთანხმება, შეუძლია განმეორებით მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მოითხოვოს ოჯახის ხელახალი გადამოწმება ბოლო შემოწმებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.

რეინტეგრაციის შემწეობა - ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს რეინტეგრაციის შემწეობა. რეინტეგრაციის შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბიოლოგიურ ოჯახს, მეურვეს (მზრუნველს), რომელიც ამ პირს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.

მინდობით აღზრდის ანაზღაურება - მინდობით აღზრდის ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა დედობილს/მამობილს შვილობილის მოსავლელად და აღსაზრდელად.

სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება - სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა პირს, რომელიც სრულწლოვანს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.

არაფულადი სოციალური დახმარება - სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირი შეიძლება იყოს არაფულადი სოციალური დახმარების მიმღები. პრევენციისა და რეინტეგრაციის მიზნით არაფულადი სოციალური დახმარება შეიძლება გაეწიოს აგრეთვე ბავშვს ან/და მის ოჯახს, როდესაც ოჯახში არსებული მდგომარეობა ბავშვის მზრუნველობამოკლებულად ცნობის დასაბუთებული წინაპირობაა, ან მზრუნველობამოკლებულ ბავშვს მისი ოჯახურ გარემოში ცხოვრების უზრუნველსაყოფად.

სოციალური პაკეტი - სოციალური პაკეტი არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა რომელიც ინიშნება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო და მარჩენალის გარდაცვალების საფუძველზე.

სოციალური დახმარების საქმეებზე ზემოაღნიშნიული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში უფასო იურიდიული დახმარების გაწევა ხდება სოციალური დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის წესებისა და პირობების და ასევე, მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურების დარღვევიდან გამომდინარე სადავო საქმეებზე.

 


სამართლებრივი აქტები

 


მომსახურების ფარგლები

სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეზე მუშაობისას, იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატი, როგორც წესი, ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს:

  • ეცნობა ინფორმაციას და საქმის მასალებს წარმოებაში მიღებული საქმეების შესახებ;
  • ხვდება დასაცავ პირს და უწევს სამართლებრივ კონსულტაციას;
  • აანალიზებს საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას და უზრუნველყოფს საქმის წარმატებით წარმართვისათვის მტკიცებულებების შეგროვებას და წარდგენას შესაბამის უწყებაში ან სასამართლოში;
  • წარმოადგენს დასაცავ პირს სასამართლოში;
  • ადგენს საქმესთან დაკავშირებულ სამართლებრივ დოკუმენტებს – განცხადებებს, სარჩელებს, შესაგებლებს, საჩივრებს, მიმართვებს, შუამდგომლობებს და ა.შ.;
  • ახდენს დასაცავი პირის და, საჭიროების შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებას საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

 


მომსახურებით სარგებლობის პირობები

იურიდიული დახმარების სამსახური სოციალური დახმარების საქმეზე უფასო საადვოკატო მომსახურებას ახორციელებს, თუ:

  • ადვოკატის დანიშვნას მოითხოვს გადახდისუუნარო პირი;
  • სადაო საკითხი არის მნიშვნელოვანი და რთული;
  • სადაო საკითხი უნდა გამომდინარეობდეს ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან ან კანონქვემდებარე აქტებიდან.

პირი გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.

გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება აგრეთვე პირს, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 000-ზე და მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:

  • იმ მრავალშვილიანი ოჯახის წევრი, რომელსაც ჰყავს 3 ან მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი;
  • 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;
  • მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სრულწლოვანი პირი;
  • მკვეთრად, მნიშვნელოვანად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, თუ შესაძლებლობის შეზღუდვა მიმდინარეობს ბავშვობიდან;
  • 18 წლამდე ასაკის დედმამით ობოლი ბავშვი;
  • რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირი.

განსაკუთრებულ შემთხვევებში, იურიდიული დახმარება შეიძლება გაეწიოს იმ პირსაც, რომელიც არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში, მაგრამ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე თვითონ ვერ გაწევს საადვოკატო მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. აღნიშნული რეგულირდება იურიდიული დახმარების საბჭოს 2015 წლის 9 სექტემბრის №27 გადაწყვეტილებით. აღნიშნული პირობა ვრცელდება შემდეგი კატეგორიების პირებზე:

  • პირები, რომლებიც წარსულში აკმაყოფილებდნენ გადახდისუუნარობის კრიტერიუმებს და მათი მონაცემები მოიპოვება სოციალურად დაუცველთა ბაზის არქივში;
  • პირები, რომელთა მძიმე სოციალურეკონომიკური მდგომარეობა დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული ცნობებით;
  • მძიმე და განუკურნებული სენით დაავადებული პირები;
  • მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილები;
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირი;
  • ასაკით პენსიონერი;
  • იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული ადვოკატი/ადვოკატის ოჯახის წევრი/ახლო ნათესავი;
  • მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრი;
  • სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის ბენეფიციარი;
  • საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის „კათარზისის" (სათნოების სახლი) ბენეფიციარი.
 
იურიდიული კონსულტაცია
იურიდიული დოკუმენტების შედგენა
იურიდიული დახმარება სისხლის სამართლის პროცესში
არასრულწლოვანთა დაცვა
ოჯახში ძალადობა
ქალთა მიმართ ძალადობა
საოჯახო სამართალი
მემკვიდრეობა
დევნილთა უფლებები
პენსიის საკითხები
პირის „მხარდაჭერის მიმღებად“ ცნობა
პაციენტთა უფლებები
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები
არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა
პატიმართა დისციპლინური სამართალწარმოება
ადმინისტრაციული პატიმრობა
თავშესაფრის მაძიებლები
ყოფილ სახელმწიფო მოხელეთა და მეცნიერთა სოციალური უფლებები
საომარ მოქმედებებში დაღუპულ და უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების სოციალური უფლებები
ტუბერკულოზით დაავადებულ პირთა არანებაყოფლობითი იზოლაცია
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა უფლებები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები