თავშესაფრის მაძიებლები
იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების დაცვა.
იურიდიული დახმარების სამსახური თავშესაფრის მაძიებლებს საკუთარი უფლებების დასაცავად სთავაზობს უფასო იურიდიულ კონსულტაციას. მათ შეუძლიათ ისარგებლონ როგორც პირადი ასევე სატელეფონო/ონლაინ კონსულტაციის სერვისებით. იურიდიული დახმარების სამსახური თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ დავებზე უფასო საადვოკატო მომსახურებას (სასამართლოში წარმომადგენლობას) ახორციელებს მიუხედავად მათი გადახდისუუნარობისა.
თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა გარანტირებულია ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობით.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იურიდიული დახმარების სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლისათვის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის, სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის საკითხებზე უფასო იურიდიული დახმარების გაწევას.
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა
საქართველოში არსებობს საერთაშორისო დაცვის შემდეგი ფორმები:
ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის კანონით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება.
დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსს სამინისტრო ანიჭებს მასობრივად შემოსულ პირებს, რომლებიც საერთაშორისო დაცვას საჭიროებენ და არ შეუძლიათ საკუთარ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება განურჩეველი ძალადობის, აგრესიის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
ჰუმანიტარული სტატუსი და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი პირს 1 წლის ვადით ენიჭება. ეს სტატუსი შეიძლება გახანგრძლივდეს სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმავე ვადით, არაერთგზის.
საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლის ან ყოფნის შემთხვევაში უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შესაბამისი სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით.
თავშესაფრის მიღების მოთხონით თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას, თავშესაფრის მაძიებელს უტარდება პირველადი ანკეტირება და გასაუბრება, თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს მოითხოვოს სასურველი სქესის თარჯიმანი. თავშესაფრის მინიჭების პროცედურა არის უფასო და კონფიდენციალური.
სამინისტროში განცხადება საერთაშორისო დაცვაზე განიხილება რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 9 თვემდე.
განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭების თაობაზე და გასცემს შესაბამის ცნობას. სტატუსი არის გარანტი იმისა, რომ პირი არ იქნება გაძევებული ან დაბრუნებული თავისი წარმოშობის ქვეყანაში, ან იმ ქვეყანაში, სადაც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. გასაჩივრების პროცესში თავშესაფრის მაძიებელ პირს შეუძლია დახმარებისათვის მიმართოს იურიდიული დახმარების სამსახურს და მოითხოვოს საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნა.
თუ თავშესაფრის მაძიებელს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა, ან პირს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა, ამასთანავე, შეუძლებელია მისი გაძევება წარმოშობის ქვეყანაში, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მას შეიძლება მიეცეს საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თავშესაფრის მაძიებელი შესაძლებელია განთავსდეს სამინისტროს მიერ თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ დროებითი განთავსების ადგილს - დროებითი განთავსების მიმღებ ცენტრში, მიმღებ ცენტრში პირის განთავსების ვადა დამოკიდებულია მისი საქმის განხილვასთან დაკავშირებული თავშესაფრის პროცედურის ხანგრძლივობაზე.
სტატუსის მქონე პირები უფლებამოსილნი არიან საქართველოს მოქალაქეების მსგავსად ისარგებლონ დასაქმებისა და განათლების უფლებით, ასევე სამედიცინო დახმარებით, კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები უზრუნველყოფილნი არიან გადაადგილების თავისუფლებით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
სამართლებრივი აქტები
მომსახურების ფარგლები
სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეზე მუშაობისას, იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატი, როგორც წესი, ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს:
მომსახურებით სარგებლობის პირობები