Top

პენსიის საკითხები

ონლაინ დახმარება

პენსიის საკითხები

იურიდიული დახმარების სამსახურის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს პენსიასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება და ამ მხრივ მოქალაქეების დახმარება.

იურიდიული დახმარების სამსახური პენსიასთან დაკავშირებულ საკითხებზე ბენეფიციარებს სთავაზობს უფასო იურიდიულ კონსულტაციას. მათ შეუძლიათ ისარგებლონ როგორც პირადი ასევე სატელეფონო/ონლაინ კონსულტაციის სერვისებით. იურიდიული დახმარების სამსახური პენსიასთან დაკავშირებულ დავებზე უფასო საადვოკატო მომსახურებას ახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ პირი არის გადაახდისუუნარო და მისი საკითხი განეკუთვნება რთულ და მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიას.

პენსია წარმოადგენს პირისათვის დანიშნული ყოველთვიური ფულადი სარგებლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ერთობლიობას.

პენსიის დანიშვნა ხდება განცხადების წარედგენით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოში, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა. განცხადებას თან უნდა დაერთოს მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სახელმწიფო პენსიის დანიშვნა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. მამაკაცებს პენსიის მიღების უფლება წარმოეშობათ 65 წლის მიღწევისას, ხოლო ქალებს 60 წლის ასაკიდან;

თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა უფლება ასაკის პენსიის მიღების და სახელმწიფო კომპენსაციის ან სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების, მას აქვს კანონით მინიჭებული მხოლოდ ერთი სარგებლის მოთხოვნის უფლება, მისივე არჩევით. პირს არ აქვს უფლება დასაქმებული იყოს საჯარო სამსახურში და იმავდროულად იღებდეს ასაკის პენსიას. თუ პირი ახორციელებს საჯარო საქმიანობას, პენსიის მიღების უფლება არ წარმოეშობა ან უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

პენსიონერს უფლება აქვს პენსიასთან ერთად მიიღოს სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

პენსია შეჩერდება თუკი ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ ხდება პენსიონერის კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან პენსიის გატანა, ასევე, იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერს შეეფარდება წინასწარი პატიმრობა. პენსია განახლდება, განახლების თაობაზე განცხადების წარდგენიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან, გარდა პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის საფუძვლით შეჩერებული პენსიის, რომელიც განახლდება პირისათვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას.

პენსია შეწყდება:

  • პირადი განცხადებით;
  • საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
  • სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, - პენსიის შეჩერების დღიდან;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას;
  • პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;
  • პენსიონერის გარდაცვალებისას;
  • პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ;
  • სხვა საფუძვლით, თუ იგი გამომდინარეობს საქართველოს კანონიდან ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ".

პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო.

პენსიასთან დაკავშირებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოქალაქისთვის სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ტერიტორიული ბიუროების/საკონსულტაციო ცენტრების მიერ უზრუნველყოფილია უფასო კონსულტაცია და უფასო იურიდიული დახმარება (სამართლებრივი დოკუმენტის შედგენა, სასამართლოში წარმომადგენლობა) კანონმდებლობით განსაზღვრულ  ფარგლებში.

 


სამართლებრივი აქტები

 


მომსახურების ფარგლები

სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეზე მუშაობისას, იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატი, როგორც წესი, ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს:

  • ეცნობა ინფორმაციას და საქმის მასალებს წარმოებაში მიღებული საქმეების შესახებ;
  • ხვდება დასაცავ პირს და უწევს სამართლებრივ კონსულტაციას;
  • აანალიზებს საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას და უზრუნველყოფს საქმის წარმატებით წარმართვისათვის მტკიცებულებების შეგროვებას და წარდგენას შესაბამის უწყებაში ან სასამართლოში;
  • წარმოადგენს დასაცავ პირს სასამართლოში;
  • ადგენს საქმესთან დაკავშირებულ სამართლებრივ დოკუმენტებს – განცხადებებს, სარჩელებს, შესაგებლებს, საჩივრებს, მიმართვებს, შუამდგომლობებს და ა.შ.;
  • ახდენს დასაცავი პირის და, საჭიროების შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებას საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

 


მომსახურებით სარგებლობის პირობები

იურიდიული დახმარების სამსახური პენსიასთან დაკავშირებულ დავებზე უფასო საადვოკატო მომსახურებას ახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ პირი არის გადაახდისუუნარო და მისი საკითხი განეკუთვნება რთულ და მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიას.

პირი გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.

გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება აგრეთვე პირს, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 000-ზე და მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:

  • იმ მრავალშვილიანი ოჯახის წევრი, რომელსაც ჰყავს 3 ან მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი;
  • 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;
  • მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სრულწლოვანი პირი;
  • მკვეთრად, მნიშვნელოვანად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, თუ შესაძლებლობის შეზღუდვა მიმდინარეობს ბავშვობიდან;
  • 18 წლამდე ასაკის დედმამით ობოლი ბავშვი;
  • რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირი.

განსაკუთრებულ შემთხვევებში, იურიდიული დახმარება შეიძლება გაეწიოს იმ პირსაც, რომელიც არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში, მაგრამ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე თვითონ ვერ გაწევს საადვოკატო მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. აღნიშნული რეგულირდება იურიდიული დახმარების საბჭოს 2015 წლის 9 სექტემბრის №27 გადაწყვეტილებით. აღნიშნული პირობა ვრცელდება შემდეგი კატეგორიების პირებზე:

  • პირები, რომლებიც წარსულში აკმაყოფილებდნენ გადახდისუუნარობის კრიტერიუმებს და მათი მონაცემები მოიპოვება სოციალურად დაუცველთა ბაზის არქივში;
  • პირები, რომელთა მძიმე სოციალურეკონომიკური მდგომარეობა დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული ცნობებით;
  • მძიმე და განუკურნებული სენით დაავადებული პირები;
  • მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილები;
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირი;
  • ასაკით პენსიონერი;
  • იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული ადვოკატი/ადვოკატის ოჯახის წევრი/ახლო ნათესავი;
  • მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრი;
  • სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის ბენეფიციარი;
  • საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის „კათარზისის’’ (სათნოების სახლი) ბენეფიციარი.
 
იურიდიული კონსულტაცია
იურიდიული დოკუმენტების შედგენა
იურიდიული დახმარება სისხლის სამართლის პროცესში
არასრულწლოვანთა დაცვა
ოჯახში ძალადობა
ქალთა მიმართ ძალადობა
საოჯახო სამართალი
მემკვიდრეობა
დევნილთა უფლებები
სოციალური დახმარება
პირის „მხარდაჭერის მიმღებად“ ცნობა
პაციენტთა უფლებები
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები
არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა
პატიმართა დისციპლინური სამართალწარმოება
ადმინისტრაციული პატიმრობა
თავშესაფრის მაძიებლები
ყოფილ სახელმწიფო მოხელეთა და მეცნიერთა სოციალური უფლებები
საომარ მოქმედებებში დაღუპულ და უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების სოციალური უფლებები
ტუბერკულოზით დაავადებულ პირთა არანებაყოფლობითი იზოლაცია
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა უფლებები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები