Top

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები

ონლაინ დახმარება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური უფლებების დაცვა იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს.

იურიდიული დახმარების სამსახური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მათი სოციალური უფლებების დასაცავად სთავაზობს უფასო იურიდიულ კონსულტაციას. მათ შეუძლიათ ისარგებლონ როგორც პირადი, ასევე, სატელეფონო/ონლაინ კონსულტაციის სერვისებით. იურიდიული დახმარების სამსახური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სოციალურ უფლებებთან დაკავშირებულ დავაზე უფასო საადვოკატო მომსახურებას ახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ პირი არის გადაახდისუუნარო და მისი საკითხი განეკუთვნება რთულ და მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში

სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ დაცვას და უქმნის მათ საჭირო პირობებს ინდივიდუალური განვითარების, შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციისათვის.

სახელმწიფო ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უქმნიან პირობებს საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო შენობებით, ტრანსპორტითა და სატრანსპორტო კომუნიკაციებით, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის საშუალებებით სარგებლობისათვის, თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილებისათვის.

დაუშვებულია დასახლებული პუნქტების დაპროექტება და განაშენიანება, საცხოვრებელი რაიონების ფორმირება, საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავება, შენობათა და ნაგებობათა, მათ შორის, სასწავლო-საგანმანათლებლო, კულტურულ-სანახაობითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების, აეროპორტების, რკინიგზის სადგურების, საზღვაო და სამდინარო სატრანსპორტო საშუალებათა კომპლექსებისა და კომუნიკაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის ინდივიდუალური საშუალებების მშენებლობა და რეკონსტრუქცია, თუ ეს ობიექტები და საშუალებები არ მიესადაგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს.

სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პირობები, რათა მათ თავისუფლად ისარგებლონ კულტურულ-სანახაობითი დაწესებულებებით და სპორტული ნაგებობებით, აგრეთვე უზრუნველყონ ისინი სპეციალური სპორტული ინვენტარითა და სხვა საჭირო საშუალებებით.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სახელმწიფო უქმნის აუცილებელ პირობებს განათლებისა და პროფესიული მომზადებისათვის. განათლების ორგანოები ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებთან ერთად ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ამ კატეგორიის ბავშვთა სკოლამდელი და სკოლის გარეშე აღზრდა მათთვის ჯეროვანი სარეაბილიტაციო დახმარების გაწევის ხელსაყრელი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საშუალო-სპეციალური და უმაღლესი განათლების მიღება რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესაბამისად.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, თავიანთი შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციის მიზნით და რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესაბამისად, უფლება აქვთ იმუშაონ შრომის ჩვეულებრივი პირობების საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში საკუთრებისა და მეურნეობის ფორმის მიუხედავად, სპეციალიზებულ საწარმოებში, საამქროებსა და უბნებზე, სადაც გამოიყენება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომა, აგრეთვე ეწეოდნენ კანონით ნებადართულ ინდივიდუალურ და სხვა სახის შრომით საქმიანობას. დაუშვებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის შრომითი ხელშეკრულების დადებაზე ან სამსხურებრივ დაწინაურებაზე უარის თქმა, ადმინისტრაციის ინიციატივით მისი დათხოვნა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის თანხმობის გარეშე სხვა სამუშაოზე გადაყვანა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირობის მოტივით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნით მის ჯანმრთელობას ვნებს პროფესიული მოვალეობის შესრულება ან საშიშროება ექმნება სხვა პირთა ჯანმრთელობასა და შრომის უსაფრთხოებას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სოციალურად ეხმარებიან როგორც ფინანსებით (პენსია, დახმარება და სხვა), ისე ტექნიკური და სხვა საშუალებებით, მათ შორის, უზრუნველყოფენ ავტომობილებით, სავარძელ-ეტლებით, საპროთეზო-ორთოპედიული ნაკეთობებით, სპეციალური შრიფტის ნაბეჭდი გამოცემებით, ხმის გამაძლიერებელი აპარატურით და სიგნალიზაციით, აგრეთვე სამედიცინო, სოციალური და პროფესიული რეაბილიტაციის განხორციელებითა და საყოფაცხოვრებო მომსახურებით. ყველა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირსა და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შრომითი საქმიანობის პერიოდში უნარჩუნდებათ შესაძლებლობის შეზღუდვის შესაბამისი სტატუსით მინიჭებული პენსია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უზრუნველყოფა ტექნიკური და სხვა საშუალებებით ხდება რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესაბამისად, უფასოდ ან შეღავათიანი პირობებით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც მომვლელი ან დამხმარე სჭირდებათ, სოციალური მომსახურების ორგანოები უნიშნავენ სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებას ბინაზე ან სტაციონარულ დაწესებულებეში (შინ მოვლა).

გადასახადებისგან თავისუფლდება ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე; საქველმოქმედო ორგანიზაციისათვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ მიწოდება, თუ ამ ქონების მიმღები ორგანიზაცია ქველმოქმედებას ახორციელებს ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან/და მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არანაკლებ ბოლო 3 კალენდარული წლის განმავლობაში; სააღმზრდელო ან/და სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა ან/და ავადმყოფთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა) და 60 წლის და მეტი ასაკის პირთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა; მიწის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება ბიუჯეტიდან დაფინანსებული 60 წლის და მეტი ასაკის პირთა ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატების/თავშესაფრების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა) ან/და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა/მოზარდთა სააღმზრდელო დაწესებულებების ან დღის ცენტრების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების) მიერ თავიანთი ძირითადი ფუნქციების შესრულებისათვის; მიწის ნაკვეთები, გამოყენებული ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების, სპეციალური სკოლა-ინტერნატების, ბავშვთა სოფლებისა და საბავშვო ბაღების მიერ, რომლებიც უსასყიდლოდ ეწევიან ბავშვთა მოვლა-აღზრდას და მათთვის განათლების მიცემას, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;

შეზღუდული შესაძლებლობის უფლებების დარღვევის შემთხვევაში დაინტერეებულ პირს უფლება აქვს მიმართოს საქართველოს სახალხო დამცველს, ასევე სასამართლოს.

 


სამართლებრივი აქტები

 


მომსახურების ფარგლები

სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეზე მუშაობისას, იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატი, როგორც წესი, ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს:

  • ეცნობა ინფორმაციას და საქმის მასალებს წარმოებაში მიღებული საქმეების შესახებ;
  • ხვდება დასაცავ პირს და უწევს სამართლებრივ კონსულტაციას;
  • აანალიზებს საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას და უზრუნველყოფს საქმის წარმატებით წარმართვისათვის მტკიცებულებების შეგროვებას და წარდგენას შესაბამის უწყებაში ან სასამართლოში;
  • წარმოადგენს დასაცავ პირს სასამართლოში;
  • ადგენს საქმესთან დაკავშირებულ სამართლებრივ დოკუმენტებს – განცხადებებს, სარჩელებს, შესაგებლებს, საჩივრებს, მიმართვებს, შუამდგომლობებს და ა.შ.;
  • ახდენს დასაცავი პირის და, საჭიროების შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებას საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

 


მომსახურებით სარგებლობის პირობები

 

 

 
იურიდიული კონსულტაცია
იურიდიული დოკუმენტების შედგენა
იურიდიული დახმარება სისხლის სამართლის პროცესში
არასრულწლოვანთა დაცვა
ოჯახში ძალადობა
ქალთა მიმართ ძალადობა
საოჯახო სამართალი
მემკვიდრეობა
დევნილთა უფლებები
სოციალური დახმარება
პენსიის საკითხები
პირის „მხარდაჭერის მიმღებად“ ცნობა
პაციენტთა უფლებები
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები
არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა
პატიმართა დისციპლინური სამართალწარმოება
ადმინისტრაციული პატიმრობა
თავშესაფრის მაძიებლები
ყოფილ სახელმწიფო მოხელეთა და მეცნიერთა სოციალური უფლებები
საომარ მოქმედებებში დაღუპულ და უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების სოციალური უფლებები
ტუბერკულოზით დაავადებულ პირთა არანებაყოფლობითი იზოლაცია
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა უფლებები