Top

თბილისის დეკლარაცია

ონლაინ დახმარება

 

თბილისის დეკლარაცია

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრინციპებისა და სახელმძღვანელო წესების დანერგვის და 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის“ პროგრესის შესახებ


თბილისი, საქართველო, 13-15 ნოემბერი, 2018 წ.
საერთაშორისო კონფერენცია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ

ჩვენ, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ მესამე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები, 2018 წლის 13-15 ნოემბერს შევიკრიბეთ საქართველოში, თბილისში, რათა განვიხილოთ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებელი ეფექტური სტრატეგიები, რომლებიც შეესაბამება გაეროს პრინციპებსა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის სახელმძღვანელოს (გაეროს პრინციპები და სახელმძღვანელო წესები), რომელიც ერთხმად დაამტკიცა გენერალურმა ასამბლეამ 2012 წლის დეკემბერში (რეზოლუცია 67/187); და ასევე, 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მისწრაფებებს, მივაღწიოთ უფრო მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებების შექმნას, რაც უზრუნველყოფს „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას ყველასათვის“. მესამე საერთაშორისო კონფერენციამ სისხლის სამართლის სისტემაში სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ (კონფერენცია) ერთად შეკრიბა 270 -ზე მეტი მონაწილე 60-ზე მეტი ქვეყნიდან, ისინი არიან იურიდიული დახმარების პოლიტიკის შემქმნელები და პრაქტიკოსები იუსტიციის სამინისტროებიდან, სასამართლო და სახალხო დამცველის ოფისებიდან, ადვოკატთა ასოციაციებიდან, პროკურატურისა და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ასევე – იურიდიული დახმარების იურისტები, თემზე დაფუძნებული პარალეგალები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები და სხვა ექსპერტები. კონფერენცია ემყარება იმ პროგრესს, რომელიც მიღწეულ იქნა 2014 წელს სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში გამართული პირველი საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ, და 2016 წის ბუენოს-აირესის (არგენტინა) მეორე საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ, ის ფოკუსირებულია ისეთი გლობალური გამოწვევების მოგვარებაზე, როგორიცაა ღარიბი და მოწყვლადი მოსახლეობისათვის ხარისხიანი იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, კერძოდ, სისხლის სამართლის სისტემებში.

წინამდებარე დეკლარცია შეიქმნა სამ დღიანი განხილვის შედეგად და მიღებულ იქნა კონფერენციის დასასრულს, იმ თხოვნის გათვალისწინებით, რომ იგი ფართოდ გავრცელდეს იურიდიული დახმარების ქსელებში და გადაეგზავნოს ქვეყნების მთავრობებს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს, რეგიონულ კომისიებს, დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის კომისიას, დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის საკითხებზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეთოთხმეტე კონგრესს, რომელიც 2020 წელს გაიმართება კიოტოში, იაპონიაში; ასევე გაეგზავნოს დისკუსიებს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ, რომელიც მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ (რეზოლუცია 70/1).

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ "სამართლებრივი დახმარება არის სამართლიანი, ჰუმანური და ეფექტური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის არსებითი ელემენტი, რომელიც დაფუძნებულია კანონის უზენაესობაზე და რომ ის წარმოადგენს სხვა უფლებებით სარგებლობის საფუძველს, სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების ჩათვლით", და რომ ის გარანტირებული უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ, როგორც ეს გაეროს პრინციპებსა და სახელმძღვანელო წესებშია ნათქვამი. დარწმუნებულნი ვართ, რომ ეფექტური იურიდიული დახმარების სერვისების მიწოდება სისხლის სამართლის პროცესის ყველა ეტაპზე, რაც შეიძლება უადრესი საფეხურიდან და, რაც შეიძლება მაღალი ხარისხით, აუცილებელია სამართლიანი სასამართლო პროცესის ფუნდამენტური უფლების უზრუნველსაყოფად, როგორც ეს განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით, და აუცილებელია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემების ფუნქციობის გასაუმჯობესებლად მთელს მსოფლიოში, ასევე პატიმრობის ჭარბი გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის შესამცირებლად.

ვაცნობიერებთ, რომ არსებობს იურიდიული დახმარების მომსახურების ხარისხის ამაღლების გადაუდებელი აუცილებლობა, რაც უზრუნველყოფს იურიდიული დახმარების სერვისების სათანადო ხარისხს, რათა სათანადოდ იქნას დაცული სამართალწარმოების სამართლიანობა და ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა ან დანაშაულის მსხვერპლთა ფუნდამენტური უფლებები.

ამას გარდა, სახელმწიფომ სამართლებრივი დახმარების სისტემის საკმარისი დაფინანსებით უნდა უზრუნველყოს იურიდიული დახმარების ხარისხიანი მომსახურება. ვაცნობიერებთ იურიდიული დახმარების სისტემების აუცილებლობას ხარისხის ამაღლების ღონისძიებების ინსტიტუციონალიზაციისათვის, ისევე, როგორც გარე ზედამხედველობის მექანიზმების არსებობის საჭიროებას იურიდიული დახმარების ორგანოების, ორგანიზაციებისა და პროვაიდერების მომსახურებისა და ფუნქციობის შესაფასებლად. ვაღიარებთ, რომ იურიდიულ დახმარებასა და რჩევას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საკითხებში ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ღარიბი, დაუცველი და მარგინალიზებული მოსახლეობის მიერ მართლმსაჯულების წვდომის უზრუნველყოფისათვის.

იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა და კანონიერი უფლებების გაცნობიერება ისეთ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საკითხებზე, როგორიცაა ოჯახური საქმეები, შრომითი დავები, ქონება და მემკვიდრეობა, არის მძლავრი საშუალება იმისათვის, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ თავიანთი უფლებები, გაუმკლავდნენ სირთულეებს და დასძლიონ დისკრიმინაციის ყველა ფორმა.

ვაცნობიერებთ, იურიდიული დახმარების როლს 2030 წლის დღის წესრიგის პროგრესის მხარდასაჭერად, მათ შორის სიღარიბის აღმოფხვრაში (მიზანი 1), გენდერულ თანასწორობაში (მიზანი 5), ღირსეულ სამუშაოში (მიზანი 8), უთანასწორობის შემცირებაში (მიზანი 10) და უფრო მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებების შექმნაში (მიზანი 16) და აღვნიშნავთ ინვესტიციის განხორციელების აუცილებლობას ძლიერი სამართლებრივი დახმარების სისტემის, როგორც ქვეყნის განვითარებისა და მართლმსაჯულების სექტორის გეგმების შემადგენელი ნაწილის ჩამოყალიბებაში.

კერძოდ, ჩვენ გვახსოვს მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი და მისი მოწოდება „ხელი შევუწყოთ მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოებების მდგრად განვითარებას, უზრუნველვყოთ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასთვის და ავაშენოთ ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტები ყველა დონეზე“. გარდა ამისა, ვაცნობიერებთ იურიდიულ დახმარებაზე წვდომას, როგორც 16.3 მიზნის მიღწევის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, რომელიც ითხოვს „კანონის უზენაესობის ხელშეწყობას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე და უზრუნველყოფს მართლმსაჯულების თანაბარი ხელმისაწვდომობას ყველასთვის“. კონკრეტულად, დაპირებას, „ არავინ დავტოვოთ მიღმა“, ჩვენ განვიხილავთ, როგორც სახელმძღვანელოს ხარისხიანი იურიდიული დახმარების სათანადო წვდომის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმ მოსახლეობისთვის, რომლებიც მართლმსაჯულების წვდომისათვის მრავალრიცხოვანი და ურთიერთგადამკვეთი ბარიერების წინაშე დგას. დარწმუნებულნი ვართ, რომ იურიდიული დახმარება არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი მართლსაჯულების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად და რომ როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო დაინტერესებულ მხარეებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ იურიდიული დახმარების სისტემებში მაღალი ხარისხის იურიდიული დახმარების წვდომის შესაძლებლობის ზრდაში.

იურიდიულ დახმარებაზე წვდომის გასაფართოებლად, სახელმწიფოებს მოუწოდებენ, აღიარონ და წაახალისონ დაინტერესებული მხარეების და ორგანიზაციების წვლილი, რომლებიც უზრუნველყოფენ იურიდიულ დახმარებას, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, თემზე დაფუძნებულ ორგანიზაციების, რელიგიური და არა რელიგიური საქველმოქმედო ორგანიზაციების, პროფესიულ ორგანოებისა და ასოციაციების და აკადემიური წრეების, ასევე, განიხილონ საჯარო-კერძო და სხვა სახის პარტნიორობის ჩამოყალიბება.

ამასთან, სახელმწიფოებმა უნდა ისჯელონ იურიდიული დახმარების გაწევაზე იურისტების მიერ, სამართლის სტუდენტებისა და პარაგალეგალების ჩათვლით, ხარისხის მექანიზმების გარანტიით, განსაკუთრებით იქ, სადაც კვალიფიციური იურისტების დეფიციტია. გარდა ამისა, მოვუწოდებთ როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო დაინტერესებულ მხარეებს, ხელი შეუწყონ სამართალზე წვდომას ინოვაციური მიდგომების, მათ შორის ტექნოლოგიის გამოყენებით, რაც გაზრდის ადამიანთა ძალისხმევას, და მოგვცემს პრივატულობისა და კონფიდენციალურობის დაცვის შესაბამის გარანტიებს.

ვაცნობიერებთ, რომ მიუხედავად არა დისკრიმინაციული და კანონის წინაშე თანაბარი მოპყრობის კოდიფიცირებული გარანტიებისა, მართლმსაჯულების სისტემასთან ურთიერთობისას, უმცირესობა და მარგინალიზებული თემები ხშირად აწყდებიან როგორც ფარულ, ისე აშკარა მიკერძოებას. უთანასწორობა შეიძლება გამოვლინდეს მართლმსაჯულების სისტემასთან შეხების ნებისმიერ წერტილში, პოლიციიდან – დანაშაულის მისჯამდე და შემდგომი პროცესების ჩართვით.

წინასწარი პატიმრობის მაჩვენებლები ბოლო 10 წლის განმავლობაში კვლავ მაღალია და ხშირად სწორედ უმცირესობასა და მარგინალიზებული მოსახლეობას აწევს ყველაზე სოციალურ-ეკონომიკური, ჯანმრთელობისა და პირადი ხარჯების დიდ ტვირთი, წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობის შესაბამისად.

ჩვენ მივესალმებით მთავრობებს, რომლებიც დგამენ ნაბიჯებს მათი მართლმსაჯულების სისტემაში დისკრიმინაციის აღიარებისა და მისი აღმოფხვრისათვის, და ვაღიარებთ, რომ მაღალი ხარისხის იურიდიული დახმარების სერვისებზე მნიშვნელოვანი წვდომა ყველა ღარიბი, დაუცველი და მარგინალიზებული ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და მსხვერპლისთვის წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის ეფექტურ და შედეგიან საშუალებას.

ასევე მივესალმებით სახელმწიფოებს, რომლებიც დგამენ ნაბიჯებს დანაშაულის ყველაზე დაუცველი მსხვერპლთათვის ხარისხიანი იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, როგორიც არიან სექსუალური და გენდერული ძალადობის მსხვერპლი ადამიანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სხვ. ვაღიარებთ, რომ იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობამ შეიძლება ხელი შეუწყოს წინასწარი პატიმრებისა და ზოგდად, პატიმრების რაოდენობის შემცირებას, მათი წამებისა და არასათანადო მოპყრობის აღკვეთას, და რომ წინასწარი პატიმრობის შემცირება არის მდგრადი მმართველობის პირობებში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პროგრესის ძირითადი მაჩვენებელი, როგორც ეს მდგრადი განვითარების მე–16 მიზანშია ნათქვამი.

სამართლიანი სასამართლო განხილვის სტანდარტებისა და თავისუფლების უფლების წახალისების მიზნით, მნიშვნელოვანია პირების ინფორმირება როგორც სამართლებრივი კონსულტაციისა და დახმარების უფლებაზე, ასევე, უარის თქმის შედეგებზე ყოველგვარი დაკითხვის წინ და თავისუფლების აღკვეთის მომენტში; მნიშვნელოვანია პირების იურიდიული დახმარების მიმწოდებელთან პირების დაუყოვნებლივი შეხვედრის უზრუნველყოფა დაპატიმრებისთანავე და საქმის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე, მათ შორის, წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილებების მიღებისას, და მყარი გარემოების არარსებობის შემთხვევაში, ასევე პოლიციის მიერ პირის გამოკითხვის აკრძალვა იურიდიული დახმარების მიმწოდებელის არყოფნის შემთხვევაში.

ჩვენ ვაცნობიერებთ კონკრეტულ გამოწვევებს, რომლებიც დგას კონფლიქტით დაზარალებული და მყიფე კონტექსტის მქონე პირების წინაშე და ვაღიარებთ, რომ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა, მათ შორის ხარისხიანი იურიდიული დახმარების სერვისების მნიშვნელოვანი წვდომა, შეიძლება იყოს მშვიდობის შენარჩუნების და არასტაბილურობისა ან კონფლიქტში დაბრუნების პრევენციის საშუალება.

ჩვენ ვადასტურებთ იურიდიული დახმარების გაწევის აუცილებლობას ინოვაციური და სწრაფი რეაგირების ინიციატივების მეშვეობით, მათ შორის დაკავებულთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლთათვის, ასევე საფუძვლიანი იურიდიული დახმარებისათვის საფუძვლის ჩაყრას სისტემებში, რომელთაც შეუძლიათ უზრუნველყონ ხელმისაწვდომი, ეფექტური, მაღალი ხარისხის და სანდო იურიდიული დახმარება.

ამ დეკლარაციით, ჩვენ ვაცხადებთ იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც იურიდიული დახმარება ასრულებს მართლსაჯულების ყველასთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში, ფუნდამენტური უფლებების დაცვაში, ყველა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების მართვაში. მაღალი ხარისხის იურიდიული დახმარების სწრაფი და ეფექტური წვდომისა და იურიდიული დახმარების მიმწოდებლებისა და ორგანიზაციების ფუნქციის დამოუკიდებლობის მხარდაჭერა, რომლებიც უზრუნველყოფს იურიდიული დახმარების მომსახურებას, სხვა ღონისძიებებთან ერთად, ხელს უწყობს მარგინალიზებული ჯგუფების დაცვას და დისკრიმინაციისა და განსხვავებული ზემოქმედების აღმოფხვრას.

გარდა ამისა, იურიდიული დახმარების მიმწოდებლები, იურიდიული დახმარების ორგანიზაციები და იურიდიული დახმარების ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ ან ახორციელებენ იურიდიულ დახმარებას, აუმჯობესებენ და ზრდიან ამ ჯგუფების წვდომას მართლმსაჯულების სისტემაზე და მასთან ერთად, სარგებლობენ სხვა უფლებებითა და თავისუფლებებით.

კონფერენციაზე დამსწრე მონაწილეების რეკომენდაციების შესაბამისად, ვადგენთ შემდეგს:

I. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, გამოაცხადოს და გამოავლინოს პოლიტიკური ნება და ვალდებულება წინამდებარე დეკლარაციაში განსაზღვრული მისწრაფებებისა და მიზნების მისაღწევად და გაეროს პრინციპებისა და სახელმძღვანელო წესების, აგრეთვე სხვა შესაბამისი საერთაშორისო და რეგიონული ინსტრუმენტების სათანადო დებულებების სრულად განსახორციელებლად, 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მისწრაფებების მისაღწევად (კერძოდ მიზანი 16 და კერძოდ, სამიზნე 16.3), როცა განსაკუთრებულად ხაზგასმულია მოწოდება– „არავინ დავტოვოთ მიღმა”, მარგინალიზებული ან დაუცველი მოსახლეობისათვის, სპეციალური საჭიროებების მქონე ჯგუფებისათვის სოფლად, შორეულ ან დაუცველ რაიონებში ხარისხიანი იურიდიული დახმარების მნიშვნელოვანი წვდომის გაღრმავების გზით.

ამ მიმართებით, მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, გადახედონ და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვალონ არსებული, ან მიიღონ ახალი სამართლებრივი დახმარების კანონმდებლობა და პოლიტიკა;

ჩამოაყალიბონ იურიდიული დახმარების გაწევის ეფექტური სისტემები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს მექანიზმებსა და პოლიტიკის არსებობაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა ყველა ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირის მიერ, რომელთაც არ შეუძლიათ ადვოკატის დაქირავება სისხლის სამართლის პროცესისათვის, რაც შეიძლება ადრე, მაგრამ არა უგვიანეს პირველი დაკითხვისა;

პრიორიტეტად აქციონ იურიდიული დახმარების გაწევის გამიზნული, დამოუკიდებელი და მდგრადი დაფინანსება, ასევე პროკურატურისა და იურიდიული დახმარების სააგენტოებს შორის თანხების თანაბარი განაწილების უზრუნველყოფა;

უზრუნველყონ, რომ იურიდიული დახმარების მიმწოდებლები, ორგანიზაციები და ორგანოები, რომლებიც ზედამხედველობენ და აწვდიან იურიდიულ დახმარებას, მოქმედებდნენ მთავრობის, სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციებისა და სისხლის სამართლის სისტემის სხვა დაინტერესებული ჯგუფების გავლენისგან დამოუკიდებლად;

ასევე, უზრუნველყონ, რომ იურიდიული დახმარების მიმწოდებლებს ჰქონდეთ აუცილებელი კვალიფიკაცია, სწავლება, გამოცდილება და გასწიონ ხელმძღვანელობა, რომ იურიდიული დახმარების სერვისები იყოს ხარისხიანი, რაც ეფუძნება იურიდიული დახმარების მიმწოდებლების პროფესიული სტანდარტების, ქცევის კოდექსისა და ეთიკური მოვალეობების მყარ გაგებას, მათ შორის ისეთ სპეციალიზებულ იურიდიულ საკითხებზე, როგორიცაა

დახმარების სერვისები დაუცველი და მარგინალიზებული მოსახლეობისთვის, მათ შორის დაკავებულების, მსჯავრდებულებისა და პატიმრების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ქალების, ბავშვების, მოხუცებისა და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანებისათვის, როგორიცაა ლტოლვილები, იძულებით გადაადგილებული პირები და მიგრანტები, მსხვერპლი და მოწმეები.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ სახელმწიფოებს, 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის პრინციპები აქციონ მართლმსაჯულების სექტორის პოლიტიკის შემუშავების შემადგენელ ნაწილად და მოახდინონ მათი ინტეგრაცია ქვეყნის განვითარების გეგმებში ისე, რომ არავინ დარჩეს მიღმა და პირველ რიგში მიწვდნენ მას, ვინც ყველაზე უკანაა, რათა უზრუნველყონ სამართლიანობა, დაიცვან ღარიბი და მარგინალიზებული მოსახლეობის უფლებები და ხელს შეუწყონ სამართლიანი მართლსაჯულების მიღწევას ყველასთვის.

II. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ორგანიზაციას, რომლებიც უზრუნველყოფს, ზედამხედველობს და ახორციელებს იურიდიული დახმარების მომსახურებას, როგორც სამთავრობოს, ასე არასამთავრობოს, განავითარონ და შეინარჩუნონ მაღალი ხარისხის, ეფექტური, კლიენტზე ორიენტირებული, დამოუკიდებელი და ყოვლისმომცველი იურიდიული დახმარების სერვისები ყველა პირისთვის, დისკრიმინაციის გარეშე.

ამის განსახორციელებლად, მოვუწოდებთ ორგანიზაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ, ზედამხედველობას უწევენ და ახორციელებენ იურიდიული დახმარების მომსახურებას, ჩაერთონ მკაფიო შესრულების სტანდარტებისა და მითითებების შემუშავებასა და დანერგვაში, რომლებიც განსაზღვრავს მინიმალურ აქტივობებს, რაც აუცილებელია იურიდიული დახმარების ხარისხის უზრუნველსაყოფად, როგორც სასამართლო პროცესის დროს, ისე მის გარეთ, კონკრეტული საქმისა და საქმის წინასწარი განხილვის, სასამართლო პროცესის და განკარგვის შემდგომ ეტაპებზე;

ჩამოაყალიბონ მონიტორინგისა და შეფასების ეფექტური მექანიზმები იურიდიული დახმარების მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად; მოითხოვონ და ჩაერთონ საჭირო განათლებაში, სწავლებასა და სპეციალიზაციაში ხარისხიანი იურიდიული დახმარების გაწევის მიზნით;

მარგინალიზებული ჯგუფებისათვის გააადვილონ მათი სერვისების ხელმისაწვდომობა როგორც გეოგრაფიული, ისე საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით; გააფართოონ თავიანთი მანდატის ფარგლები, სადაც შესაძლებელია, იმუშაონ ისეთი პოლიტიკის შესაცვლელად, რომელიც ზიანს აყენებს მართლმსაჯულების სისტემაში ღარიბ, დაუცველ და მარგინალიზებულ ჯგუფებს, ასევე მათ ოჯახებსა და თემებს;

შეძლებისდაგვარად ჩართონ სამოქალაქო იურიდიული სამსახურები სისხლის სამართლის იურიდიული დახმარების სამსახურებთან ერთად, ან მიმართონ სხვა სერვის ორგანიზაციებს, მათ შორის ადვოკატთა ასოციაციის ან სხვათა pro bono მომსახურებას, ხელი შეუწყონ ჰოლისტიკურ მომსახურებას, რომელიც მიემართება მართლმსაჯულების სისტემასთან ინდივიდის კონტაქტის სრულ ზემოქედებას; და დაადგინონ ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება, რათა განისაზღვროს თითოეული კლიენტის მოთხოვნა სოციალური მომსახურებისათვის და განრიდების შესაძლებლობა.

III. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანოებს, საკონტაქტო ქსელებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს, ბილატერალურ სააგენტოებსა და გაეროს სისტემას, გააგრძელონ გაეროს პრინციპებისა და მითითებების, მდგრადი განვითარების მე–16 მიზნის სრული განხორციელების მხარდაჭერა პროგრამული და ტექნიკური დახმარების გაწევით სათანადოდ კონტექსტუალიზებული ეროვნული პარტნიორებისთვის, შეიმუშაონ პრაქტიკული სახელმძღვანელო მართლმსაჯულების ყველასთვის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად, რომელიც განსაკუთრებულად გაუსვამს ხაზს იურიდიული დახმარების მომსახურების ხარისხის ამაღლებას; გამოჰყოს დაფინანსების პროპორციული წილი, რომელიც განკუთვნილია იუსტიციისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების განსამტკიცებლად იურიდიული დახმარების გაძლიერებისათვის, აღასრულოს მრავალწლიანი ბიუჯეტის ვალდებულება, უზრუნველყოს გრძელვადიანი, პროგნოზირებადი დაფინანსება ეფექტური იურიდიული დახმარების ინსტიტუტების შექმნის პროცესში.

სამოქმედო პუნქტები:

ა. ადვოკატირება გაუწიეთ და დაეხმარეთ სახელმწიფო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მაღალი ხარისხის იურიდიული მომსახურების მკაფიო გაგების, მითითებებისა და სტანდარტების შემუშავებას და ხელს შეუწყობენ ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შემოღებას, რაც იძლევა ადეკვატური, ეფექტური და სწრაფი სამართლებრივი დახმარების სერვისების მიწოდების გარანტიას.

ბ. წაახალისეთ სტრუქტურული პარტნიორობა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, იურიდიული დახმარების ეროვნული სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, რაც გააფართოვებს იურიდიულ დახმარების წვდომას და გააუმჯობესებს მართლმსაჯულების თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველასათვის.

გ. ადვოკატირება გაუწიეთ და დაეხმარეთ სახელმწიფო, სამთავრობო და არასამთავრობო დაინტერესებულ მხარეებს, რათა ჩამოყალიბდეს მკაფიო პოლიტიკა და მექანიზმები სამართლებრივი დახმარების ადრეული ხელმისაწვდომობის განსახორციელებლად, რაც უზრუნველყოფს სამართლიან სასამართლო პროცესს, ჭარბი, თვითნებური და უკანონო წინასწარი პატიმრობის შემცირებას, აღკვეთს წამებასა და არასათანადო მოპყრობას; ასევე, მოიცავს ეფექტური კომუნიკაციის გაუმჯობესებას პოლიციის განყოფილებებს, ციხის/დაკავების ადმინისტრაციასა ან თავისუფლების აღმკვეთ სხვა დაწესებულებებსა და იმ ორგანიზაციებსა და ქსელებს შორის, რომლებიც უზრუნველყოფს იურიდიული დახმარების მომსახურებას, ასევე, იურიდიული დახმარების, როგორც ციხის/პატიმრობის დაწესებულების მართვის პოლიტიკისა და პრაქტიკის ნაწილად ჩამოყალიბებას.

დ. წაახალისეთ იურიდიული დახმარების ორგანოები, მართლმსაჯულების დაინტერესებული მხარეები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები და ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფს და ახორციელებს იურიდიული დახმარების მომსახურებას, შეაგროვონ, გააანალიზონ და გაცვალონ მონაცემები იურიდიული დახმარების სისტემის ფუნქციონირების შესახებ და რეგულარულად გააკონტროლონ სისტემის პროგრესი, ასევე პროაქტიულად გასცენ ინფორმაცია და მონაცემები იურიდიული დახმარების სერვისების შესახებ საჯარო სფეროში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გასაადვილებლად. გარდა ამისა, რეგულარულად გადახედეთ, შეიმუშავეთ და დანერგეთ ერთიანი იურიდიული დახმარების საჭიროებების შეფასების მექანიზმები, სტრატეგიები და კანონმდებლობა ხალხის ყოვლისმომცველი სამართლებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მათ შორის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საკითხებში; იმ ჯგუფებისათვის, რომლებსაც განსხვავებულად განიხილავენ ან რომელთა დისკრიმინაციას ეწევიან ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა რასა, ფერი, რელიგია, ეროვნული წარმოშობა, სქესი ან სხვა სტატუსი; სოციალურად და ეკონომიკურად გარიყული და შეზღუდული პირებისათვის, მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფებისთვის, მათ შორის ბავშვების, მოხუცების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, სექსუალური და სქესობრივი ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა, ლტოლვილების, მიგრანტებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, რაც შეესაბამება მდგრადი განვითარების მიზნის დაპირებას, არავინ დატოვოს მიღმა, რათა უზრუნველყოფილ იქნას მართლმსაჯულების სრული წვდომა თანაბარ საფუძველზე.

ე. ხელი შეუწყეთ ბავშვისადმი მეგობრული იურიდიული დახმარების სისტემების განვითარებას, რათა უზრუნველყოთ მაღალი ხარისხის იურიდიული დახმარება მართლმსაჯულების სისტემასთან კონტაქტში მყოფი ბავშვებისათვის, მათ შორის კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების, დანაშაულის მსხვერპლთა და მოწმეების, რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებისა და სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ჩართული ბავშვებისათვის.

ვ. როგორც მდგრადი განვითარების 2030 დღის წესრიგის და განსაკუთრებით მდგრადი განვითარების მე–16 მიზნის (16.3 სამიზნის) განხორციელების შემადგენელმა ნაწილმა, ადვოკატირება და დახმარება გაუწიეთ სახელმწიფოს, სამთავრობო და არასამთავრობო დაინტერესებულ მხარეებს, დანერგონ, მონიტორინგი გაუწიონ და ანგარიში ჩააბარონ იურიდიული დახმარების მიერ შესრულებული როლის შესახებ, რაც მას აკისრია მართლმსაჯულების ყველასთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საქმეში, მათ შორის, მონაცემთა სისტემური შეგროვების ინვესტიციის ჩათვლით, მონაცემებისადმი ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების შესაბამისად, სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საკითხებში სამართლებრივი დახმარების გაწევის პროგრესის შესაფასებლად.

გარდა ამისა, ვითვალისწინებთ რა მე-16 მიზნის განხორციელების პროგრესის დაგეგმილ მიმოხილვას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე 2019 წელს, ჩვენ, ამ კონფერენციის მონაწილეები მივმართავთ ჩვენი ქვეყნების მთავრობებს „ნებაყოფლობითი ეროვნული ანგარიშის ”შემუშავების პროცესებში ჩართვის მიზნით და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და წინასწარი პატიმრობის სამიზნე და ინდიკატორი შეტანილ იქნება ეროვნულ ანგარიშებში, რომლებიც უნდა წარედგინოს გაეროს.