28 იანვარს იმერეთის რეგიონში სტარტი აიღო იურიდიული დახმარების სამსახურის მობილურმა საკონსულტაციო კამპანიამ.
ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტები მაია ხვადაგიანი და ინა მელაძე სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლების - გომისა და საჯავახოს მოსახლეობას შეხვდნენ.
მათ მობილური საკონსულტაციო ცენტრის გამოყენებით ინდივიდუალური კონსულტაციები გაუწიეს მიწის საკუთრების რეგისტრაციის, მემკვიდრეობის, საბანკო ვალდებულებების, საოჯახო დავების, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.
როგორც ცნობილია, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი არის სპეციალურად აღჭურვილი მიკროავტობუსი, რომელიც იძლევა საშუალებას ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევისათვის, კონფიდენციალურობის დაცვით.
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP Georgia) და გერმანიის მთავრობის (Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი) მხარდაჭერით.
კამპანია იმერეთის სოფლებში თებერვლისა და მარტის თვეებში გაგრძელდება.
