Top
ონლაინ დახმარება

 

საზოგადოებრივი ადვოკატის დახმარებით, მოქალაქემ კუთვნილი ანაზღაურება მიიღო

იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ქუთაისის ბიუროს საზოგადოებრივი ადვოკატი სოფიო ყუბანეიშვილი სამართლებრივ დახმარებას უწევდა ზ. ბ.-ს. 2014 წლის 14 სექტემბერში, ერთ-ერთ შპს-სა და ზ. ბ.-ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად ზ.ბ. დასაქმდა პრისელერის თანამდებობაზე. 2015 წლის 10 ივნისს კი დამსაქმებლის ინიციატივით, შრომითი ხელშეკრულება შეწყდა.

"შპს-ს ზ. ბ.-სათვის არ აუნაზღაურებია 2015 წლის მაისის თვეში შესრულებული სამუშაოსთვის განსაზღვრული ხელფასი, რის შედეგადაც კომპანიას ზ. ბ.-ს მიმართ გააჩნდა სახელფასო დავალიანება, რომლის ოდენობა შეადგენდა 500 ლარსა და ბონუსს 150 ლარს. 2016 წლის 17 მარტს, ზ. ბ.-ს მოუმზადდა წერილობითი განცხადება შპს-ს დირექტორის მიმართ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. შპს-მ წერილობით პასუხში განმარტა, რომ ზ. ბ.-ს მიმართ არანაირი ფულადი დავალიანება არ გააჩნდა. აღნიშნული უარის საფუძვლად კომპანია მიუთითებდა, რომ 2015 წლის ივნისის თვეში ზ. ბ.-მ ჩაიდინა სისხლის სამართლებრივი დანაშაული, კერძოდ ფულადი თანხების მითვისება (სსკ–ის 182 მუხლის საფუძველზე). თუმცა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ წარმოადგენდა ზ. ბ.-სათვის მის კუთვნილი ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს, ვინაიდან მის მიერ დაკისრებული სამუშაო შესრულდა კეთილსინდისიერად, დროულად და ხარისხიანად," - ამბობს ადვოკატი სოფიო ყუბანეიშვილი.

ზ. ბ.-ს საზოგადოებრივი ადვოკატის სოფიო ყუბანეიშვილის დახმარებით მოუმზადდა დასაბუთებული სასარჩელო განცხადება, რომლითაც მან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. კომპანიის მიერ წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში და პროცესზე კომპანიის წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა–განმარტებით კომპანია უარს აცხადებდა შრომითი ანაზღაურების გაცემაზე იმ მოტივით, რომ ზ. ბ.-მ ჩაიდინა დანაშაული.

"მათ აგრეთვე სასამართლოს შესთავაზეს ხელფასის გაცემის ახალი გრაფიკი, რომლითაც ცდილობდნენ დაერწმუნებინათ სასამართლო, რომ თითქოს 2015 წლის მაისის თვის შრომითი ანაზღაურება გაცემული ჰქონდათ. აღნიშნულის მიუხედავად, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე ციცინო კიკვაძე) სრულად გაიზიარა ჩვენს მიერ მომზადებული სასარჩელო განცხადების ფაქტობრივი, სამართლებრივი დასაბუთება და სრულად დაკმაყოფილდა ზ. ბ.-ს სასარჩელო განცხადება. კერძოდ: შპს-ს ზ. ბ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების- 500 ლარისა და ბონუსის, 150 ლარის ანაზღაურება," - ამბობს სოფიო ყუბანეიშვილი.