Top
ონლაინ დახმარება

 

საზოგადოებრივი ადვოკატის დახმარებით ერაყის მოქალაქემ ლტოლვილის სტატუსი მიიღო

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატი,  აკაკი ლომსაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში ერაყის რესპუბლიკის მოქალაქის, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირის – ი.ფ.ჰ.დ–ს  ინტერესებს იცავდა.
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ  აღნიშნულ პირს უარი უთხრა საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე,  რადგან მიიჩნია, რომ  საფუძვლიანი იყო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა, ამ პირის საქართველოში დარჩენის მიზანშეუწონელობის შესახებ.  

სამინისტროს მიერ გამოცემული  უარის აქტი საზოგადოებრივმა ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე  სასამართლომ  გამოითხოვა უსაფრთხოების სამსახურში დაცული ის ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც ი.ფ.ჰ.დ–ს უარი ეთქვა საქართველოში საერთაშორისო დაცვის მიღებაზე. 

ადვოკატმა აკაკი ლომსაძემ შეძლო სასამართლო დაერწმუნებინა  ერთის მხრივ იმაში, რომ ბენეფიციარის სიცოცხლეს ერაყში დაბრუნების შემთხვევაში ნამდვილად ემუქრებოდა საფრთხე, ხოლო მეორეს მხრივ კი,  არ არსებობდა მისთვის საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი, რამდენადაც  იგი  თავისი მოქმედებით არ უქმნიდა საფრთხეს საჯარო ინტერესს; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მომზადებული  დასკვნა და აქტი კი დაუსაბუთებლად ზღუდავდა მის უფლებას  ესარგებლა საერთაშორისო დაცვით. 

სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია და  მთავარი სხდომის დასრულებისთანავე  გამოაცხადა გადაწყვეტილება ი.ფ.ჰ.დ–სთვის  საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ.