სამეგრელოს–ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს სამართლებრივი კონსულტაციის მისაღებად მიმართა წარსულში სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულმა პენსიონერმა – ი. ჩ.–მ, რომელსაც ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი და მძიმე ავადმყოფი მეუღლე. ბენეფიციარს მარტოს უწევს მათი მოვლა–პატრონობა, ფინანსური სახსრების მოძიება.
ბიუროს კონსულტანტმა ნინო მინჯიამ გაარკვია, რომ 2016 წლის თებერვალში ზუგდიდში მოქმედი ერთ–ერთი შპს–ს ხელმძღვანელმა ა.გ–მ პენსიონერი ი. ჩ. რამდენიმე თვით სამსახურში აიყვანა დამლაგებლის პოზიციაზე. გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება სახელფასო ანაზღაურებით თვეში – 180 ლარი (ხელზე გასაცემი). ი.ჩ.–ს დასუფთვების სამუშაოებს ზუგდიდის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში ასრულებდა. ოთხთვიანი მუშაობის შემდეგ, ბენეფიციარს ხელფასი გაურკვევლი მიზეზების გამო არ ჩაურეცხეს, მაშინ როდესაც შრომის ანაზღაურება ყველა სხვა თანამშრომელზე გაიცა. ი.ჩ. მიზეზის გასარკვევად ჯერ დამქირავებელთან მივიდა, მერე ბუღალტერთან, მაგრამ გარკვეული პასუხი ვერავისგან მიიღო. აღნიშნული პირები ინფორმირებული იყვნენ დამლაგებლის ოჯახის მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს ბიუროს კონსულტანტის ნინო მინჯიას დახმარებით, ი.ჩ–მ წერილობით, ოფიციალურად მიმართა დამქირავებელს, რასაც სამწუხაროდ, არანაირი რეაგირება არ მოყოლია. მალევე, კონულტანტმა ბენეფიციარს სარჩელი შეუდგინა და ამჯერად, სასამართლოს მიმართა – დამსაქმებლისაგან სახელფასო დავალიანების გადახდევინების მიზნით. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა მთლიანად დააკმაყოფილა.
კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება რამდენიმე თვის შემდეგ განხორციელდა – პენსიონერმა ი.ჩ.–მ კუთვნილი მიუღებელი ხელფასი სრულად მიიღო.