Top
ონლაინ დახმარება

 

ადვოკატ ირმა ინასარიძის დახმარებით, საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობაში ბრალდებული გამართლდა

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატის, ირმა ინასარიძის, ძალისხმევით, პაატა ხ., რომლსაც მსჯავრი დაედო საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისათვის, უზენაესი სასამართლოს მიერ გამართლდა.

ჯერ – თბილისის საქალაქო სასამართლოს, ხოლო შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, პაატა ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოსთან საქართველო–სომხეთის საზღვრის უკანონო მცდელობაში და მას, სასჯელის სახით, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამიტომ, საზოგადოებრივმა ადვოკატმა, ირმა ინასარიძემ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისას, დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა იმ შეუსაბამობებზე, რომელიც საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შორის იყოს. კერძოდ, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები უთითებდნენ, რომ სასაზღვრო სექტორის პატრულირებისას, დაინახეს ორი პირი, რომელთაგან ერთ–ერთმა, კერძოდ, პაატა ხ.–მ, სამართალდამცველების გამოჩენაზე, ნაბიჯს უმატა და სომხეთის ტერიტორიაზე გადასვლას შეეცადა. თუმცა, ორივე ეს პირი, მათ შორის მოწმე რუსტამ ნ. და მსჯავრდებული პაატა ხ., ამბობდა, რომ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მათთან მივიდნენ საუბრის დროს, როდესაც პაატა ხ. რუსტამ ნ.–სგან ცდილობდა გაერკვია სოფელ სადახლოში დროებით სამუშაოებზე დასაქმების შესაძლებლობები. ამასთან, რუსტამ ნ. აღნიშნავდა, რომ, საუბარში, პაატა ხ.–ს არ გაუმჟღავნებია საზღვრის გადაკვეთის განზრახვა.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებიდან ირკვეოდა, რომ პაატა ხ.-ს რამდენჯერმე ეთქვა უარი სახელმწიფო საზღვრის კანონიერად გადაკვეთაზე, უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული ფაქტები არადამაჯერებლად მიიჩნია, ვინაიდან შსს-ის ცნობებით დასტურდებოდა, რომ პაატა ხ.-ს ასევე ჰქონდა სახელმწიფო საზღვრის კანონიერად კვეთის ფაქტებიც.

საბოლოოდ, დაეყრდნო რა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილს და საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე, უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატ ირმა ინასარიძის საკასაიო საჩივარი, გააუქმა სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და პაატა ხ.-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.