Top
ონლაინ დახმარება

 

კონსულტანტ ირინე ბარბაქაძის ძალისხმევით, მცირეწლოვან ბავშვს ალიმენტი დაენიშნა

იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს კონსულტანტი, ირინე ბარბაქაძე, ალიმენტთან დაკავშირებულ დავაში, ორი ინსტანციის სასამართლოში, სოციალურად დაუცველ ცირიკო მ.–ს იურიდიულ დახმარებას უწევდა.

ირინე ბარბაქაძის ძალისხმევით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცირიკო მ.–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მის ყოფილ მეუღლეს, მცირეწლოვანი შვილის სასარგებლოდ, 150 ლარის ოდენობის ალიმენტის გადახდა დაეკისრა. თუმცა, მოპასუხე მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. ამიტომ, ირინე ბარბაქაძემ ცირიკო მ.–ისთვის იურიდიული დახმარების გაწევა სააპელაციო სასამართლოშიც განაგრძო.

სააპელაციო საჩივარში, ბავშვის მამამ ალიმენტის ოდენობის 150–დან 80 ლარამდე შემცირება მოითხოვა. მოთხოვნას კი ასაბუთებდა იმ გარემოებით, რომ შექმნილი ჰქონდა მეორე ოჯახი და მეორე მეუღლესთან ახლახანს შეეძინა ბავშვი, რომელიც მამისგან მატერიალურ მხარდაჭერას საჭიროებდა.

იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტმა, ირინე ბარბაქაძემ, შეადგინა შესაგებელი, რომელშიც აღინიშნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და სამართლიანობა. ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ ბავშვის მამა პრაქტიკულად უარს ამბობდა მშობლის მოვალეობის შესრულებაზე და არ ურთიერთობდა შვილთან. შესაგებელში მითითებული იყო შემოსავლის ახალი წყაროც, რომელიც ბავშვის მამას გაუჩნდა. კერძოდ, მას შეძენილი ჰქონდა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც აქირავებდა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ირინე ბარბაქაძეს შესაგებელში მოყვანილი ჰქონდა მთავარი კონტრარგუმენტი: როგორც გაირკვა, სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უნდა მიეღო წარმოებაში ბავშვის მამის საჩივარი, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებდა დასაშვებობის კრიტერიუმებს (დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს).

საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ მოსაპუხის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი. ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ცირიკო მ.–ის შვილს 150 ლარის ოდენობის ალიმენტი დაენიშნა.