Top
ონლაინ დახმარება

 

საზოგადოებრივი ადვოკატის დახმარებით, მსჯავრდებულს სასჯელი შეუმსუბუქდა

იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს ადვოკატის, მარინე შენგელიას, ძალისხმევით, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარებისათვის მსჯავრდებულ ილია გ.-ს სასჯელი შეუმსუბუქდა.

საზოგადოებრივი ადვოკატის, მარინე შენგელიას დაცვისქვეშ მყოფი, ილია გ. დანაშაულს აღიარებდა. დაცვის მხარე პროკურატურასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს საპროცესო შეთანხმების თაობაზე, თუმცა ბრალდების მხარემ შეთანხმებაზე უარი თქვა, რის გამოც საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში გაგრძელდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ილია გ. წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო და ძირითადი სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამასთან, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ილია გ. უკვე იხდიდა პირობით სასჯელს, ამიტომ  ძირითად სასჯელს მიუმატა პირობითი სასჯელის ვადა, ორი წელი, და საბოლოოდ, ილია გ.-ს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დაცვის მხარემ მიიჩნია, რომ ილია გ.-სთვის განსაზღვრული სასჯელი მეტისმეტად მკაცრი იყო, ამიტომ საზოგადოებრივმა ადვოკატმა, მარინე შენგელიამ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა საჩივრით, რომლითაც თავისი დაცვისქვეშ მყოფისთვის სასჯელის შეცვლა მოითხოვა. ადვოკატმა საჩივარში განმარტა, რომ ილია გ.-ს არ ჰყავდა მამა. მისი ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო, რის გამოც, მსჯავრდებული, ადრეული ასაკიდანვე, იძულებული იყო ფიზიკურად ეშრომა და ოჯახს დახმარებოდა. მას ჰყავდა ავადმყოფი დედა, რომელიც სამ მცირეწლოვან შვილიშვილს (ილია გ.-ის დიშვილებს) ზრდიდა. ამასთან, ხაზგასმული იყო ის ფაქტი, რომ ილია გ. აღიარებდა დანაშაულს და აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან.

საბოლოოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის არგუმენტები და ილია გ.-ს, სასჯელის სახით, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.