Top
ონლაინ დახმარება

 

საზოგადოებრივი ადვოკატის დახმარებით, ბრალდებული ნაწილობრივ გამართლდა

იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს ადვოკატის, ნუგზარ გრძელიძის, დახმარებით, ემილ ხ., რომელსაც ბრალი ბინაში შეღწევისა და ჯანმრთლების დაზიანების 5 ეპიზოდში ედებოდა, ნაწილობრივ გამართლდა.

საქმის მასალების მიხედვით, ემილ ხ.-მ, გამოძიებისთვის დაუდგენელ 2 თანამზრახველთან ერთად, უკანონოდ შეაღწია ბათუმის ერთ-ერთ ბინაში და იქ მცხოვრებთ ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა. წარდგენილი ბრალდება მოიცავდა სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლს, მათ შორის:

  • მუხლი 160 (მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი): ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, უკანონო ჩხრეკა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ჯგუფურად;
  • მუხლი 120: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია (2 ეპიზოდი);
  • მუხლი 125 (1-ლი ნაწილი): ცემა, რასაც არ მოჰყოლია ჯამრთლების მოშლა;
  • მუხლი 151: სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა.

საზოგადოებრივი ადვოკატი საქმეში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩაერთო. ემილ ხ. თავს აბსოლუტურად უდანაშაულოდ მიიჩნევდა და ამბობდა, რომ მას დანაშაულის ჩადენას აბრალებნენ. აქედან გამომდინარე, ადვოკატმა ნუგზარ გრძელიძემ მიზნად დაისახა კლიენტის სრული ან ნაწილობრივი გამართლება.

საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე, 3 დაზარალებულიდან ორმა ემილ ხ. ამოიცნო და მისი ბრალეულობა დაადასტურა. მდგომარეობას ართულებდა ისიც, რომ ემილ ხ.-ს უკვე იხდიდა პირობით სასჯელს, შესაბამისად, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას დარჩენილი პირობითი სასჯელის ციხეში მოხდა მოუწევდა.

საბოლოოდ, საზოგადოებრივმა ადვოკატმა ემილ ხ.-ის გამართლებას მიაღწია მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, რაც 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

დანაშაულთა ერთობლიობით, ემილ ხ.-ის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რასაც დაემატა მანამდე დანიშნული პირობითი მსჯავრის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი და, განაჩენთა ერთობლიობით, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.