Top
ონლაინ დახმარება

 

სოციალურად დაუცველმა ოჯახმა სამართლებრივი დავა ადვოკატის დახმარებით მოიგო

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი  ინგა ნოზაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში ახორციელებდა  სოციალურად დაუცველი ბენეფიციარის თ. შ.–ს ინტერესების დაცვას. 
სარჩელი მოზადდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ამავე სააგენტოს ისანი–სამგორის მომსახურების ცენტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.  

როგორც საზოგადოებრივმა ადვოკატმა გაარკვია, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა თ.შ.–ს ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი შემოწმებისას  შეფასების დეკლარაციაში მაღალი ქულები ჩაწერა, რის საფუძელზეც ბენეფიციარს სოციალური დახმარება შეუწყდა. 

ადვოკატმა ინგა ნოზაძემ სასამართლოს წარუდგინა მის მიერვე მოპოვებული მტკიცებულებები, სადაც ნათლად ჩანდა,  რომ თ.შ. ცხოვრობს თბილისის გარეუბანში, 16 კვ.მ. ფართში, სადაც ადამიანური საცხოვრებელი პირობები თითქმის არ არის. ბენეფიციარს არ გააჩნია არანაირი შემოსავალი, გარდა პენსიისა.

 სასამართლომ  სრულად გაითვალისწინა საზოგადოებრივი ადვოკატის პოზიცია, წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა ფაქტობრივი გარემოებები, რის საფუძველზეც სარჩელი დააკმაყოფილა სრულად, ბათილად იქნა ცნობილი თ.შ. ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დეკლარაცია და მის საფუძელზე მინიჭებული მაღალი სარეიტინგო ქულა.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა  თ.შ.–ს  ოჯახის შემოწმება  სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის ხელახლა  განსაზღვრის მიზნით. სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარების აღდგენის შანსი გაუჩნდა.