Top
ონლაინ დახმარება

 

ნარკოტიკების შეძენა–გასაღებაში ბრალდებული გამართლდა

იურიდიული დახმარების სამსახურის მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის ადვოკატი გიორგი ბერიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში იცავდა მოქალაქე მ. ქ.–ს  ინტერესებს. მას  ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების - ბუპრენორფინის (სუბოტექსის) შეძენასა და უკანონოდ შემოტანას, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტკული  საშუალების შენახვასა და გასაღებას.  დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ ეწერა, რომ, მ.ქ.–მ, სხვა ბრალდებულისაგან გარკვეული თანხის სანაცვლოდ, შეიძინა  ნარკოტიკული საშუალება და სხვა პირზე გაასაღა. 

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ადვოკატმა გიორგი ბერიძემ მოიპოვა და სასამართლოს წარუდგინა ვიდეოჩანაწერი, სადაც მოწმემ უარყო გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება და აღნიშნა, რომ ჩვენება იძულებისა და მუქარის ქვეშ მისცა. დაცვის მხარემ, ასევე, შესაბამისი მტკიცებულებებით დაასაბუთა, რომ  თანხა, რომელიც მ.ქ.–მ გადასცა სხვა ბრალდებულს, იყო მხოლოდ ვალის დაბრუნება. ამას მოწმეც ადასტურებდა. ხოლო საქმეში არსებულ ნივთიერ მტკიცებულებებზე, ამ შემთხვევაში, ნარკოტიკული საშუალების შესანახ ფლაკონზე, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ. ქ.–ს დეენემის კვალი არ აღმოჩნდა. 

სასამართლომ ასევე გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის კიდევ ერთი არგუმენტი, რომ დანაშაულის ადგილზე არ მოხდა ნივთმტკიცებათა ამოღების ჩატარება, რაც იწვევდა ეჭვს ნარკოტიკული საშუალების წარმოშობასთან დაკავშირებით. 

საბოლოოდ სასამართლომ ბრალდებულ მ. ქ–ს მიმართ  გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.