Top
ონლაინ დახმარება

 

სააპელაციო სასამართლომ დევნილი ბენეფიციარის მოთხოვნა დააკმაყოფილა

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატი,  აკაკი ლომსაძე ახორციელებდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის – ნ. ქ.–ს  ინტერესების დაცვას თბილისის საქალაქო სასამართლოში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აღნიშნულ პირს უარი უთხრა საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაზე იმ მოტივით, რომ მის დას, როგორც მის ოჯახის წევრს, უკვე გადაცემული აქვს ფართი სახელმწიფოსაგან  პრეზიდენტის განკარგულებისა და ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

საზოგადოებრივმა ადვოკატმა აკაკი ლომსაძემ ბენეფიციარის ინტერესების დასაცავად სასამართლოში წარადგინა სარჩელი, რომელშიც დასაბუთებული იყო, თუ რატომ ეკუთვნოდა ნ.ქ.–ს ცალკე საცხოვრებელი ფართი და არ შეეძლო დის ბინით (19 კვ.მ) სარგებლობა, რადგან მას სხვა ოჯახი და საჭიროებები აქვს. სარჩელში მოთხოვნილი იყო სამინისტროს მიერ მითითებული აქტისა და  ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაპირველად არ დააკმაყოფილა. 

აღნიშნული გადაწყვეტილება მომდევნო ეტაპზე  გასაჩივრდა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის შედეგად მიიღწა მხარისათვის სასურველი მიზანი. კერძოდ: გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით, სრულად დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა.

უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო სააპელაციო სასამართლოს  ამ გადაწყვეტილებაზე  მოწინააღმდეგე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრები და  შედეგად  სააპელაციო სასამართლოს მიერ ნ. ქ.–ს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.

დევნილიფართი