Top
ონლაინ დახმარება

 

აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი მუდმივ საცხოვრებელს მიიღებს

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატის, გიორგი შერმადინის დახმარებით, აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს გრძელვადიანი საცხოვრებელი ექნება. 

აფხაზეთიდან დევნილი კ.ფ-ს ოჯახი ზუგდიდში მდებარე სტამბის შენობაში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა. ოჯახმა საქართველოსო კუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას მიმართა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოითხოვა, თუმცა ამ თხოვნაზე უარი მიიღო. კომისიამ უარის მიზეზად ის გარემოება დასახელა, თითქოს ოჯახი ფაქტობრივად არ ცხოვრობს აღნიშნულ შენობაში და მათ ალტერნატიული ფართი გააჩნიათ.

ადვოკატთან გასაუბრებისას კ.ფ-მ განაცხადა, რომ მის ოჯახს არანაირი ალტერნატიული საცხოვრებელი არ გააჩნია და ოჯახი ნამდვილად ცხოვრობს ზუგდიდში, სტამბის შენობაში, სადაც გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობებია. გარდა ამისა, მის ოჯახს დევნილის სტატუსის შესაბამისად სახელმწიფოსგან დახმარება არ მიუღია. ამიტომ ოჯახი იძულებულია, მიმართოს სასამართლოს დარღვეული უფლებების აღსადგენად. 

ადვოკატმა გიორგი შერმადინმა, მის მიერ შედგენილი სარჩელით სადავო ინდივიდუალური აქტის ბათილად ცნობა და მის ნაცვლად ახალი ინდივიდუალური აქტის გამოცემა მოითხოვა, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა. მოგვიანებით, ადვოკატმა ბენეფიციარის უფლებები სასამართლოშიც დაიცვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა. ბათილად სცნო გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური აქტი, მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.