Top
ონლაინ დახმარება

 

საზოგადოებრივი ადვოკატის დახმარებით, უსინათლოთა ოჯახს სოციალური შემწეობა აღუდგა

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატი, მათიკო ხურციძე, იცავდა იმედა ბ.–ის ოჯახს, რომელსაც სოციალური შემწეობა შეუწყდა.

იმედა ბ.–ის ოჯახი, როგორც სოციალურად დაუცველი, შემწეობას 2015 წლის თებერვლამდე იღებდა. 2015 წლის იანვარში ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა შემოწმდა, რის შედეგადაც დადგინდა ახალი სარეიტინგო ქულა – 59040. აღნიშნულმა სარეიტინგო ქულამ ოჯახისთვის შემწეობის შეწყვეტა განაპირობა. იმედ ბ.–ის მიერ სარეიტინგო ქულასთან დაკავშირებით პრეტენზიის წარდგენის შემდეგ,  ოჯახი ხელახლა გადამოწმდა, თუმცა ამჯერად უფრო მაღალი ქულა – 65980 მიენიჭა.

სოციალური შემწეობის შეწყვეტის გამო, ოჯახი, რომელიც ორი უსინათლო პირველი ჯგუფის შშმ პირისგან და მცირეწლოვანი ბავშვისგან შედგებოდა, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. დეკლარაციაში ასახული ნივთებიდან – გამათბობელი ოჯახს საჩუქრად უსინათლოთა კავშირმა გადასცა, ხოლო გაზქურა სამწლიანი განვადებით იყო შეძენილი, რაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო დეკლარაციის შევსებისას.

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა, მათიკო ხურციძემ, შეადგინა სარჩელი და ოჯახის წარმომადგენლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში განახორციელა. შედეგად, სასამართლომ მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო: ბათილად სცნო სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რომლითაც იმედა ბ.–ის ოჯახს მინიჭებული ჰქონდა მაღალი ქულა და სააგენტოს დაავალა ახალი აქტის გამოცემა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად,  ადმინისტრაციულმა ორგამომ გამოსცა ახალი აქტი. ოჯახს მიენიჭა 12780 სარეიტინგო ქულა და სოციალური შემწეობა აღუდგა.