Top
ონლაინ დახმარება

 

ადვოკატ თეა ყაულაშვილის დახმარებით, მარტოხელა დედამ დევნილთა სამინისტროს დავა მოუგო

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატის, თეა ყაულაშვილის, ძალისხმევით, მარტოხელა დედამ, ინგა გ.–მ, მოუგო დავა საქართველოს ოკუპირებული ტეროტიროებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (დევნილთა სამინისტროს).

ინგა გ.–მ იურიდიული დახმარების სამსახურს მიმართა მას შემდეგ, რაც მას და მის არასრულწლოვან შვილებს – თათა და ალექსანდრე გ.–ებს დევნილთა სამინისტრომ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი ჩამოართვა (იმ მოტივით, რომ დევნილის სტატუსის მოპოვება მოხდა ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე).

2015 წლამდე, ინგა გ., შვილებთან ერთად, რეგისტრირებული იყო როგორც აფხაზეთიდან დევნილი და ცხოვრობდა თბილისის ერთ–ერთი სკოლის შენობაში. იგი  იყო სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედა. დევნილის სტატუსის ჩამორთმევით მთელი ოჯახი დადგა სახელმწიფოსგან გადაცემული თავშესაფრის დაკარგვის და ღია ცისქვეშ დარჩენის საფრთხის წინაშე. გარდა ამისა, ოჯახი კარგავდა პერსპექტივას, სახელმწიფოსგან მიეღო გრძელვადიანი საცხოვრებელი.

მოცემულ საქმეზე გაიმართა არაერთი სასამართლოს სხდომა, სადაც მოპასუხე – დენილთა სამინისტრო სადავოდ ხდიდა იმ გარემოებას, რომ ინგა გ.–ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა აფხაზეთი. სამინისტრო ამკტიცებდა, რომ ინგა გ.–ის აფხაზეთი არ დაუტოვებია საომარი მოქმედებების გამო, ვინაიდან იგი დაბადებული იყო 1977 წელს სამტრედიაში, სადაც რეგისტრირებული იყო კიდეც 2002 წლამდე და 1984–1994 წწ–ში სწავლობდა ამავე ქალაქის სკოლაში.

ადვოკატმა თეა ყაულაშვილმა სასამართლოში წარადგინა წერილობითი საპაექრო სიტყვა და შუამდგომლობები, ასევე – დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ ინგა გ.–ს, თავისი პოზიციის დასადასტურებლად, არცერთი მოწმე არ ჰყავდა, სასამართლომ სრულად გაიზიარა ადვოკატ თეა ყაულაშვილის პოზიცია ინგა გ.–ის და მისი არასრულწლოვანი შვილების სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.

ადვოკატის პოზიცია ეყრდნობოდა შემდეგ არგუმენტებს: იმისათვის, რომ ამა თუ იმ ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დადგინდეს, აუცილებელი არ არის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის და რეგისტრაციის ადგილი ემთხვეოდეს ერთმანეს. ასევე, სადავო არ გამხდარა ინგა გ.–ის მამის – თეიმურაზ გ.–ის დევნილობის საკითხი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ინგა გ. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების დროს იყო არასრულწლოვანი და, სადაც არ უნდა ეცხოვრა და ესწავლა,  მას, მხოლოდ მამის დევნილობის გამო, ეკუთვნოდა დევნილის სტატუსი. აღსანიშნავი იყო ისიც, რომ სამინისტრომ ვერც ინგა გ.–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტების და ინფორმაციის სიყალბე დაადასტურა. არადა, სწორედ ეს გახდა მოსარჩელეს დევნილის სტატუსი საფუძველი.

საბოლოოდ, სასამართლომ დააკმაყოფილა ინგა გ.–ისა და მისი არასრულწლოვანი შვილების სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, ბათილად სცნო დევნილთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებები და მოპასუხეს დაავალა, გამოეცა ახალი სამართლებრივი აქტები –  ინგა გ.–ის და მისი არასრულწლოვანი შვილებისთვის დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ.