Top
ონლაინ დახმარება

 

საზოგადოებრივი ადვოკატი ჰავაის შტატიდან სამსახურის მუშაობას გაეცნო

დღეს იურიდიული დახმარების სამსახურს ჰავაის (აშშ) იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატი ეშლი დრეიკ ბერი და  არასამთავრობო ორგანიზაცია „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ (IRC) იურისტი  დავით ობოლაძე ესტუმრნენ. 

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ სტუმრებს გააცნო საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის თავისებურებები და  სამახურის საქმიანობის სპეციფიკა. ამერიკელი სტუმარი მრავალი წელია მუშაობს ოჯახში ძალადობის საკითხებზე. მისი შეკითხვების დიდი ნაწილი დაეთმო საქართველოს  კანონში „იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ“ შეტანილ ცვლილებებს, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივ დაცვას გულისხმობს. მასპინძლებმა მას ასევე მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში ოჯახში ძალადობის მიმართულებით არსებული სიტუაციიის შესახებ და გააცნეს არსებული სერვისები, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური გასწევს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის.
 
ამერიკელი ადვოკატი ეშლი დრეიკ ბერი უახლოეს მომავალში ახმეტის მუნიციპალიტეტში  დაესწრება საინფორმაციო ხასიათის, გასვლით შეხვედრას „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე“, რომელსაც თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და მოსახლეობასთან ჩაატარებენ. 

სამომავლოდ, კვლავ განხორცილდება ჰავაის იურიდიული დახმარების ცენტრის წარმომადგენელთა ვიზიტი და ამერიკელი ადვოკატები ქართველ კოლეგებს მიაწვდიან ინფორმაციას, თუ რა მეთოდებით მიმდინარეობს  ოჯახში ძალადობის საქმეების წარმოება ჰავაის შტატის საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ, როგორია სტატისიკა, ტენდენციები, გამოწვევები და ა.შ.