მეგობრებო!
დღეს საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული თარიღია – 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 101 წლის წინ, საქართველომ ნანატრი დამოუკიდებლობა მოიპოვა. თუმცა სამი წლის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებელი განვითარება ისევ 70 წლით შეფერხდა.
ცხადია, დამოუკიდებლობის მოპოვება ხანგრძლივი და რთული პროცესი იყო ჩვენი ქვეყნისათვის და, ასევეა, ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნება. დღეს, თვალსაჩინო პროგრესთან ერთად, ქვეყანა დგას მნიშვნელოვანი საშინაო თუ საგარეო გამოწვევების წინაშე. მათ შორის, ყველაზე მტკივნეულია ჩვენი ტერიტორიების 20%–ის ოკუპაცია და ამის შედეგად ქვეყანაში არსებული მრავალი ათასი იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებიც მოწყვეტილნი არიან საკუთარ სახლებს, ჩვეულ საცხოვრებელ გარემოს, ნათესავებს და განსხვავებულ პირობებში უწევთ ცხოვრება.
ჩვენთვის ცნობილია ყველა იმ პრობლემის შესახებ, რაც წეროვნის მოსახლეობას აწუხებს. სახელმწიფო ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს იმისათვის, რომ, თავისი რესურსების ფარგლებში, უზრუნველყოს მოსახლეობის კეთილდღეობა, გაუმჯობესდეს ცხოვრების პირობები, ხელმისაწვდომი გახადოს ჯანდაცვა, განათლება, სხვა სახელმწიფო სერვისები.
დღეიდან კი, წეროვნის დევნილთა დასახლებას საშუალება ეძლევა ისარგებლოს უფასო სამართლებრივი დახმარებით - იურიდიური დახმარების სამსახურის ონლაინ ოთახით, რომელსაც მემორანდუმის საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობაში ვხსნით. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა სრულიად უფასოდ ისარგებლოს მაღალკვალიფიციური იურისტის სამართლებრივი რჩევებით. ნებისმიერ საკითხზე - მემკვიდრეობის, მიწის რეგისტრაციის, საოჯახო დავების, ჯარიმების და ა.შ.
გარდა ამისა, ამ მექანიზმის საშუალებით, დევნილები შეძლებენ მიიღონ ინფორმაცია თავიანთი უფლებების შესახებ, ამ უფლებების რეალიზებისა და დაცვის გზების თაობაზე. იმედი გვაქვს, რომ უშუალოდ დასახლებაში არსებული ეს სერვისი დაზოგავს დროს და რესურსს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებისას.
დარწმუნებული ვართ, რომ ეს მცირე ნაბიჯები მომავალში დიდ წვლილს შეიტანს ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის განმტკიცების საერთო საქმეში, რაც, თავის მხრივ, შექმნის ჩვენი დროებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების წინაპირობის მყარ საფუძველს.