Top
ონლაინ დახმარება

 

სამსახურის წლიური ანგარიში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოისმინეს

18 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა სამსახურის 2020 - 2021 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

ანგარიშში შესულია სტატისტიკური ინფორმაცია საზოგადოებრივი ადვოკატებისა და კონსულტანტების მიერ გასული წლის განმავლობაში განხორციელებული სამართალწარმოების შესახებ, ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული რეფორმების და სხვა აქტივობების შესახებ. მან აღნიშნა, რომ 2021 წელს, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ნაწარმოები იქნა 17 442 საქმე; გაწეულია 24 369 კონსულტაცია; შედგენილ იქნა 1 454 სამართლებრივი დოკუმენტი. უფასო სამართლებრივ დახმარებაზე ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2021 წელს გაიხსნა 5 საკონსულტაციო ცენტრი: დედოფლისწყაროში, ახმეტაში, ლენტეხში, ონსა და ხაშურში.   დაიწყო მუშაობა ხელოვნური ინტელექტის გამოსაყენებლად  სამართლებრივ სისტემაში. შეიქმნა მობილური აპლიკაცია  LAS Georgia - ყველა სახის მობილური ტელეფონების მფლობელებს საშუალებას აძლევს მიიღონ სამართლებრივი დახმარება ტელეფონის საშუალებით და ამავე დროს, დაცული იყოს მათი კონფიდენციალურობა. ამ ეტაპზე აპლიკაციის დახმარებით შესაძლებელია იურისტთან გასაუბრება ბავშვთა კოდექსის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ასევე, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ.

მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით: 2021 წლის 11 ივნისს, სხვადასხვა უწყების წარმომადგენელთა მიერ ხელი მოეწერა დეკლარაციას, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მოძრაობას „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაიმართა ათეულობით შეხვედრა ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესები. დონორთა დახმარებით აღნიშნული მოძრაობა კვლავ გრძელდება.
ანგარიშის დასრულების შემდეგ რაჟდენ კუპრაშვილმა კომიტეტის წევრთა კითხვებს უპასუხა