ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიურომ შეიცვალა მისამართი. აქამდე იგი ქალაქ ოზურგეთში ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობდა. ამჟამად კი საზოგადოებრივი ადვოკატებისა და კონსულტანტების ნახვა შეგიძლიათ ისევ ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე, ახალ აშენებულ საოფისე შენობაში, ეკლესიის მიმდებარედ.
ოზურგეთის ბიურო ემსახურება მთლიანად გურიის რეგიონის მოსახლეობას. აქ შესაძლებელია უფასო სამართლებრივი კონსულტაციის მიღება ყველასთვის, ხოლო საადვოკატო მომსახურება, წარმომადგენლობა - გადახდისუუნარო პირებისათვის.
აღსანიშნავია, რომ 25 იანვარს, გურიის ბიუროს წარმომადგენლები ოფისში შეხვდნენ სოფელ შემოქმედში მცხოვრებ დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს და მიაწოდეს ინფორმაცია კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ; საკუთრებისა და მეწარმეობის სამართლებრივ საკითხებზე, "დამცავ" და "შემაკავებელ" ორდენებზე, იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებზე.