Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების საბჭომ და ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ საზოგადოებრივი ადვოკატების შეფასების სისტემა განიხილეს

7 ნოემბერს, EWMI/PROLoG–ის ორგანიზებით გაიმართა იურიდიული დახმარების საბჭოს და ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის შეხვედრა, რომელზეც საზოგადოებრივი ადვოკატების შეფასების სისტემა განიხილეს. შეხვედრას ბრიტანელი ექსპერტები – ავრომ შერი და ალან პატერსონი უძღვებოდნენ. მათ ისაუბრეს Peer Review-ზე – კოლეგების მიერ ერთმანეთის საქმიანობის შეფასების პროცესზე, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია, შემოწმდეს, უზრუნველყოფს თუ არა იურიდიული დახმარების გამწევი ადვოკატი მომსახურების ხარისხის მინიმალურ სტანდარტებს, როგორც ამას, ზოგადად, ადვოკატები კლიენტთა საქმეებზე მუშაობისას უზრუნველყოფენ.

ექსპერტებმა მონაწილეებს ასევე შესთავაზეს ცვლილებების განხორციელება „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში, რომლებითაც ადვოკატთა საქმიანობის ხარისხის შეფასების პრინციპები და პროცედურები დარეგულირდება. საკანონმდებლო ცვლილებები, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ადვოკატებს დაავალდებულებს, კოლეგებს შესაფასებლად წარუდგინონ თავიანთი საქმეები, ხოლო – მეორე მხრივ, ბენეფიციარებს მოსთხოვს, იურიდიული დახმარების მიღებით, დაადასტურონ თანხმობა, რომ მათი საქმეები, კონფიდენციალობის დაცვის პირობით, მომსახურების ხარისხის შეფასების მიზნით, გასაცნობად გადაეცემა სხვა ადვოკატს.

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწიეს. ჯგუფი შეთანხმდა, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები, შეფასების მიზნით კოლეგებისთვის საქმის მასალების გაზიარებით, არ დაარღვევენ ადვოკატთა ეთიკის კოდექსს. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა იმის გათვალისწინებით, რომ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მანამდე გამოცემული ჰქონდა სარეკომენდაციო ბარათი, რომელიც მსგავს ქმედებას კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევად აფასებდა. ჯგუფი ასევე შეთანხმდა, რომ სხვა ადვოკატისათვის საქმის მასალების შესაფასებლად გადაცემა არ წამოადგენს ადვოკატის დამოუკიდებლობის პრინციპის ხელყოფას და, რომ ხარისხის მონიტორინგი აუცილებელია იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების მიერ გაწეული მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.

იურიდიული დახმარების სამსახურის გაუგზავნის ეთიკის კომისიას შეფასების კრიტერიუმების დეტალურ აღწერილობას და შემფასებლებისათვის მომზადებულ სახელმძღვანელოს, რაც დაეხმარება ეთიკის კომისიას უკეთესად გაიაზროს შეფასების სისტემა და შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები თავის სარეკომენდაციო ბარათში.