Top
ონლაინ დახმარება

 

მიმდინარეობს მოსახლეობის ინფორმირება საზოგადოებრივ ცენტრებში დანერგილი იურიდიული დახმარების შესახებ

2015 წლის 12 თებერვლიდან უფასო იურიდიული დახმარება წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში გახდა ხელმისაწვდომი. სერვისის მიღება შესაძლებელია ადგილობრივ საზოგადოებრივ ცენტრში, სადაც, კვირაში ერთხელ, მოქალაქეებს იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტი მიიღებს.

აღნიშნული სიახლის შესახებ გეგუთისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრები დაიწყეს. პირველი შეხვედრა, 5 მარტს, სოფელ ტყაჩირში გაიმართა.

ადგილობრივებს სერვისით სარგებლობის პირობები განემარტათ და ბუკლეტები დაურიგდათ. ამჟამად, გეგუთის საზოგადოებრივ ცენტრში უფასო იურიდიული კონსულტაციის მიღება ყოველ ხუთშაბათს არის შესაძლებელი. ამავდროულად, მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მიმართონ იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს, სადაც, იურიდიულ კონსულტაციასთან ერთად, საადვოკატო სერვისსაც მიიღებენ.

დღეისათვის, საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს 17 სოფელში მოქმედებს და მათ ფუნქციონირებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს.

საზოგადოებრივ ცენტრებში უფასო იურიდიული კონსულტაციის დანერგვა გათვალისწინებულია თანამშრომლობის მემორანდუმით, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურმა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გააფორმეს. გეგუთის გარდა, იურიდიული კონსულტაცია შორაპნისა და მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრებშია ხელმისაწვდომი.

იურიდიული დახმარების ქსელის გაფართოებას და საზოგადოებრივ ცენტრებთან თანამშრომლობას აქტიურად უჭერს მხარს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში.