Top
ონლაინ დახმარება

 

ბათუმის მერიამ იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგნელებს უმასპინძლა

22 მარტს ქვეყნის ერთ–ერთმა მსხვილმა თვითმმართველობამ – ქალაქ ბათუმის მერიამ    სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებს უმასპინძლა.  აჭარის იურიდიული დახმარების  ბიუროს უფროსმა იამზე ზანდარაძემ, ადვოკატმა მაია ქათამაძემ და კონსულტანტმა ნატო ირემაძემ  ქ.ბათუმის მერიის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს განუმარტეს უფასო სამართლებრივი მომსახურების გაწევის კრიტერიუმები, ადვოკატის გამოყოფის საფუძვლები სამოქალაქო, ადმინისტრაციულ  თუ სისხლის სამართლის საქმეებზე. ასევე გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაფართოების საკითხები, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ  შევიდა ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, რაც შეიძლება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს იურიდიული დახმარების მიღება მოსახლეობისათვის. სასურველია,  ქალაქის ადმინისტრაციის თანამშრომლები სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებულნი უფასო იურიდიული მომსახურების შესახებ, რადგან მათ თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ იმ გადახდისუუნარო ბენეფიციარებთან, რომლებიც ხშირად სწორედ სამართლებრივ დახმარებას საჭიროებენ. შესაბამისად, მოხდება მათი გადამისამართება აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროში.

თავის მხრივ, ბათუმის მერიის წარმომადგენლების მიერ შემოთავაზებული იქნა წინადადება, რომ საჭიროების შემთხვევაში, იურიდიული დახმარების ბიუროსთან ერთობლივად, განხორციელდეს გასვლითი კონსულტაციები კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში. ასეთი შეხვედრები მოსახლეობაში გაზრდის სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას და სამსახურის სერვისების შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები. აჭარის იურიდიული დახმარების ბიურო მსგავს შეხვედრებს მომავალშიც გეგმავს.